დიკ დურბინი - რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, ამავდროულად, ეფექტური განხორციელება   
დიკ დურბინი - რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, ამავდროულად, ეფექტური განხორციელება   

ამერიკელმა სენატორებმა, ჯინ შაჰინმა და დიკ დურბინმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს. ჯინ შაჰინის განცხადებით, ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ევროკავშირის წევრი.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს და მისი მოქალაქეების მისწრაფებებს, შეუერთდნენ ევროკავშირს. ეს არის ჩვენი ძირითადი სათქმელი და მათი სურვილი უნდა შესრულდეს“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

კითხვაზე, – „12 პუნქტიდან შესასრულებლად ყველაზე მეტად ხარვეზულად რა გეჩვენებათ?“ –  შაჰინმა განაცხადა, რომ ეს ევროკავშირის პრეროგატივაა.

„12 რეკომენდაციაში შემაფერხებელ გარემოებებს რაც შეეხება, ეს ევროკავშირის პრეროგატივაა და მათ უნდა ისაუბრონ“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

პრესკონფერენციაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა დეოლიგარქიზაციის საკითხთან დაკავშირებით შესახებ დასმულ შეკითხვასაც უპასუხა.

„როგორც მაქვს ინფორმაცია, დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით შემუშავებულია კანონპროექტი, რომელიც გადაეგზავნა ვენეციის კომისიას და ახლა ხელისუფლება ელოდება მათგან კანონპროექტის შეფასებას“, – განცხადა შაჰინმა.

ამასთან, ამერიკელი სენატორის, დიკ დურბინის განაცხადებით, რეკომენდაციების შესრულებას სერიოზულად უნდა მიუდგნენ. მისივე თქმით, საჭიროა არა მხოლოდ კანონმდებლობის მიღება, არამედ მისი პრაქტიკაში განხორციელება.

„ეს რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია. მათ უნდა მიუდგნენ სერიოზულად. რა თქმა უნდა, საჭიროა შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, ამავდროულად, ამ კანონმდებლობის ეფექტური განხორციელება პრაქტიკაში და ყველა საჭირო მოთხოვნის დაკმაყოფილება“, – განაცხადა დიკ დურბინმა.

ასევე, ამერიკელ სენატორებს მედიის წარმომადგენლებმა კითხვა დაუსვეს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე და იმის შესახებ, იყო თუ არა საუბარი ბიძინა ივანიშვილზე.

„დიახ, შეხვედრაზე ეს საკითხი გაჟღერდა, ისევე როგორც ალბათ სხვადასხვა საუბრებში ჟღერდება ხოლმე. რაც შეეხება შეკითხვას ანტიდასავლურ კამპანიასთან დაკავშირებით, როდესაც ხდება დეზინფორმაციის გავრცელება, ეს ძალიან გულდასაწყვეტია. აშშ 30 წლის განმავლობაში არის ძალიან მტკიცე მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს განვითარებული და წარმატებული, ქვეყანაში იყოს მშვიდობა, ისევე როგორც მთლიანად ევროპაში. ჩვენი ძალიან დიდი სურვილია უკრაინის ომის მალე დასრულება. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ პუტინს არ მიეცეს შესაძლებლობა, შეიჭრას კიდევ სხვა ქვეყნებში“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.