დიეგო კოლასი - ყველამ უნდა იმუშაოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი დებატებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას, საქართველო ამას იმსახურებს
ყველამ უნდა იმუშაოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი დებატებისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას, საქართველო ამას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„შეხვედრის დროს აღვნიშნეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ შემდეგ წელს დაგეგმილი არჩევნები ევროპის უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით ჩატარდეს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე მოვლენებს. ყველამ უნდა იმუშაოს, რომ თავისუფალი და სამართლიანი დებატების წარმართვისთვის შესაბამისი გარემო შეიქმნას, რადგან საქართველო ამას იმსახურებს. ეს ის ენაა, რომლითაც ყველას ველაპარაკებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ საქართველოში არსებულ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ვისაუბროთ“, – განაცხადა ელჩმა.
სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ოპოზიციისა და დიპლომატიური კორპუსის შეხვედრა დასრულდა. ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, მთავარი საკითხი ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები და ოპოზიციონერი ლიდერებისა თუ აქტივისტების წინააღმდეგ სასამართლოში მიმდინარე საქმეები იყო.