დიეგო კოლასი - შესანიშნავი იდეაა ევროკომისიის შეფასებამდე შეხვედრის გამართვა და ერთიანობის დემონსტრირება
დიეგო კოლასი - შესანიშნავი იდეაა ევროკომისიის შეფასებამდე შეხვედრის გამართვა და ერთიანობის დემონსტრირება

შესანიშნავი იდეაა ევროკომისიის შეფასებამდე შეხვედრის გამართვა და ქვეყანაში ამ იდეის გარშემო ერთიანობის დემონსტრირება, – ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომელიც ევროპის მოედანზე დღევანდელ შეკრებაზე იმყოფებოდა.

„რაც საქართველოსთან დაკავშირებით ნამდვილად მომწონს, არის ის, თუ როგორ იკრიბება ყველა ევროპის მიმართ სწრაფვის გამოსახატად. ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა ვიმუშაოთ და ამისთვის არის რამდენიმე გზა. შესანიშნავი იდეაა ევროკომისიის შეფასებამდე ამ შეხვედრის გამართვა და ქვეყანაში ამ იდეის გარშემო ერთიანობის დემონსტრირება, იმის ჩვენება, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ევროკავშირისკენ მიისწრაფვის და ჩვენ ვიპოვით ამ მიმართულებით რამე გზას“, – განაცხადა დიეგო კოლასმა.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს ევროკომისიის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ კომისია ხვალ გამოაცხადებს გადაწყვეტილებას და მას უნდა დაველოდოთ.

„ვნახოთ, რა მოხდება. ვიდრე არ ვნახავთ, რას იტყვის კომისია ხვალ, ნუ ვეცდებით, გამოვიცნოთ მათი დასკვნა. ჩვენ ვხედავთ, სად ვართ, რა ნაბიჯების გადადგმაა შესაძლებელი და ვცდილობთ, ვიაროთ წინ ამ მიმართულებით“, – აღნიშნა საფრანგეთის ელჩმა.

კითხვაზე, მივა თუ არა 20 ივნისის აქციაზე, დიეგო კოლასმა განაცხადა, რომ არის ზოგიერთი ღონისძიება, რომელიც მეტად პოლიტიკურია, ხოლო ზოგი აჩვენებს მოქალაქეების ერთიანობას.

„არის ზოგიერთი ღონისძიება, რომელიც არის უფრო მეტად პოლიტიკური, ხოლო არის ზოგი, რომელიც აჩვენებს მოქალაქეების ერთიანობას. ეს არის ორი სხვადასხვა რამ და ორივესთვის ადგილი არის, ეს სავსებით ნორმალურია და კარგია. საქართველოს ევროპული მომავალი პოლიტიკური დებატების ნაწილია და ეს არის კარგი. ასევე, კარგია, როდესაც არის ამგვარი ღონისძიებები, რომლებიც უფრო მეტად ქვეყნის ერთიანობას აჩვენებს. ეს არის ორი სხვადასხვა ღონისძიება და ისინი აჩვენებს ქართველების სიყვარულს ევროპისადმი“, – დასძინა საფრანგეთის ელჩმა.