დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებასთან მოძრაობა „გაბედესა“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს
დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილებასთან მოძრაობა „გაბედესა“ და „სირცხვილიას“ წევრებმა აქცია გამართეს.
სწორედ აღნიშნულ განყოფილებაში დაიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც დღეს იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, სისტემა კლავს და ერთი გამომძიებლის დაკავება არ არის საკმარისი.
„გაბედეს“ წევრები ასევე ითხოვონ იმ მუხლის გადაკვალიფიცირებას, რომლითაც საქმის ძიება დაიწყო.
მათი თქმით, საქმის ძიება უნდა მიმდინარეობდეს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით და არა ჩვენების იძულებით მიღების მუხლით. გაბედეს წევრები ასევე ითხოვენ, „მწვანე სკოლის“ დირექტორის დასჯასაც.
ადგილზე „გაბედეს“ წევრებს მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებიც შეუერთდნენ. მათ პოლიციის შენობის წინ წარწერა „ამ ცხოვრების დედაც“ გააკეთეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა აქციის წევრებსა და პოლიციას შორის.
ამავე შინაარსის წარწერა გააკრეს პოლიციის შენობაზე მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა.
თვითმკვლელობის მცდელობისას დაშავებული 15 წლის მოზარდი დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
12 დეკემბერს მოზარდმა თვითმკვლელობა სცადა. შემთხვევა დიღმის მასივში მოხდა. ამას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა. როგორც ადვოკატი აცხადებს, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. მისივე ინფორმაციით, სამართალდამცველები მოზარდს ხულიგნობის აღიარებას სთხოვდნენ. ადვოკატის განცხადება კატეგორიულად უარყვეს შსს-ში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვანის მიმართ ჩვენების მიცემის იძულების შესაძლო ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
15 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამოძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.