დიდი შვიდიანის სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა გენდერული თანასწორობის ხელშეწყობაა [ვიდეო]

დიდი შვიდიანის სამიტის გენდერულ საკითხებში მრჩეველთა საბჭო ამ ქვეყნების ლიდერებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, სავაჭრო ურთიერთობებისა და გაზრდილი ტარიფების საკითხზე მსჯელობის პარალელურად, ყურადღება გენდერულ თანასწორობაზეც გაამახვილონ.

ზემოთ ხსენებული საბჭოს სამმა წევრმა – მალალა იუსუფზაიმ, კრისტინ ლაგარდმა და მელინდა გეითსმა სამიტის მასპინძელი ქვეყნის – კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს მოუწოდა, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ გენდერული უთანასწორობის პრობლემაზე ლიდერებმა ნაყოფიერად იმსჯელონ.

დიდი შვიდიანის რიგით 44-ე სამიტის ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ გენდერული თანასწორობა და ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაა. სამიტისთვის მასალა ამერიკელმა ფილანთროპმა, მელინდა გეითსმა საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად მოამზადა. სამიტისთვის მომზადებულ დოკუმენტში წერია, რომ მსოფლიო მასშტაბით სამი ქალიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.

„საერთაშორისო საზოგადოებამ დიდი ძალისხმევის შედეგად გენდერული თანასწორობის სფეროში გარკვეულ პროგრესს მიაღწია. დღეს გაცილებით მეტ გოგოს აქვს შესაძლებლობა მიიღოს განათლება, მეტ ქალს აქვს საშუალება იმუშაოს კერძო თუ საჯარო სექტორში. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და სექსუალური ცხოვრების შესახებ ქალები დღეს მეტად ინფორმირებულები არიან, ვიდრე 10 წლის წინ. ამის მიუხედავად, ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ. დიდი შვიდიანის სამიტის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი სწორედ გენდერული თანასწორობა და ქალების მდგომარეობის გაუმჯობესებაა. ჩვენ ვხედავთ ძალადობრივ დინამიკას ოჯახში, სამუშაო ადგილას თუ პოლიტიკაში, კერძო კომპანიებსა და საჯარო სამსახურებში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. სტატისტიკა შემაშფოთებელია. მსოფლიო მასშტაბით სამი ქალიდან ერთი სექსუალური ძალადობის მსხვერპლია. დღეს კომპანიების დირექტორების მხოლოდ 4%-ია ქალი, ხოლო მამრობითი სქესის თანამშრომლის ხელფასი დაახლოებით 30%- ით აღემატება ქალი თანამშრომლის ხელფასს“, – წერია დოკუმენტში, რომელიც G7-ის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დიდი შვიდიანის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე გენდერული უთანასწორობის შესახებ სამიტის მრჩეველთა საბჭომ გენდერულ საკითხებში სპეციალური ვიდეო მოამზადა.