დიდ დიღომში, ერთ-ერთ აფთიაქში რეგულირების სააგენტომ უკანონოდ შეძენილი პირველი ჯგუფის ათასამდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო
დიდ დიღომში, ერთ-ერთ აფთიაქში რეგულირების სააგენტომ უკანონოდ შეძენილი პირველი ჯგუფის ათასამდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო

დიდ დიღომში მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში რეგულირების სააგენტომ უკანონოდ შეძენილი პირველი ჯგუფის ათასამდე ფსიქოტროპული მედიკამენტი ამოიღო. როგორც საქართველოს პირველ არხს რეგულირების სააგენტოში განუცხადეს, უნებართვო საქმიანობისთვის აფთიაქის ხელმძღვანელობა 8000 ლარით დააჯარიმეს. ფულადი სანქციის გარდა, განადგურდება აფთიაქიდან ამოღებული, უკანონო გაყიდვაში არსებული ყველა მედიკამენტი.

რეგულირების სააგენტო აფთიაქში არსებული მდგომარეობით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც „მოამბემ“ აღნიშნულ ობიექტზე ფარულად გადაიღო, თუ როგორ ყიდის ფარმაცევტი ძლიერმოქმედ ფსიქოტროპულ მედიკამენტს რეცეპტის გარეშე. დარღვევა ფარმაცევტისთვის საქმიანობის სამწლიან აკრძალვას, კომპანიისთვის 6 000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში 12 000-ლარიან ჯარიმას და საქმიანობის შეჩერებასაც ითვალისწინებს.

რეგულირების სააგენტოს მიერ მოწოდებული ოფიციალური მონაცემებით, 2018 წელს ფსიქოტროპული მედიკამენტის ურეცეპტოდ გაცემის 72 ფაქტი გამოვლინდა, წელს კი ეს მაჩვენებელი 34-მდე შემცირდა.

„იკლო იმ აფთიაქების რიცხვმაც, რომლებსაც უკანონო საქმიანობის გამო ნებართვა გაუუქმდათ. 2018 წელს ასეთი 24 ობიექტი იყო, წელს კი ინსპექტირების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე მუშაობის უფლება ხუთ ობიექტს შეუჩერდა“,- აცხადებენ რეგულირების სააგენტოში.