დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობას ნივთების გამოსატანად უშვებენ
საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე აცხადებს, რომ დიდ დიღომში, აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოსახლეობას ნივთების გამოსატანად ორგანიზებულად უშვებენ.
მისივე თქმით, საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ ექსპერტები ზარალს მოსახლეობასთან ერთად დაითვლიან.
„საცხოვრებელ სახლებში მოქალაქეების შეშვება სახლის დასათვალიერებლად და ნივთების გამოსატანად ორგანიზებულად მიმდინარეობს და ეს პროცესი ყოველდღიურად გრძელდება. სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნისა და საგამოძიებო სამუშაოების დასრულების შემდეგ მერიიის კონტრაქტორი კომპანიები დაიწყებენ სარემონტო სამუშაოებს. ექსპერტები მოსახლეობასთან ერთად ზარალის დადგენის მიზნით, ნივთების აღწერას დაიწყებენ. გვერდით მდებარე კორპუსში, 6 ნომერში ამ დროისთვის გაზის მიწოდება შეზღუდულია და რამდენიმე დღეში აღდგება, ხოლო ხვალიდან კონტრაქტორი კომპანია დაზიანებული ფანჯრების გამოცვლას შეუდგება. ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას, რომ თავად მოძებნონ სასურველ ადგილას ბინები, რომლის ქირის თანხასაც მერია სარეზერვო ფონდიდან დაფარავს. ამ დროისთვის 36 ოჯახი ხუთ სასტუმროშია გადანაწილებული”,-განაცხადა გაიოზ ვასაძემ.