დიდ დიღომში აფეთქების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს
დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე აფეთქების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულთა ადვოკატი „ყაზტრანსგაზის“ ყოფილი თანამშრომლების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვს.
როგორც საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე დაკავებულთა ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ განაცხადა, ორივე პირი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობენ.
„დაკავებულებს ედავებიან სამსახურებრივ გულგრილობას, რაც თავისუფლების აღკვეთას 2-დან 5 წლამდე ვადით ითვალისწინებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები, როდესაც მივიდნენ ადგილზე, ბუნებრივი აირის სუნი არ იგრძნობოდა. შემოწმების შემდეგ აპარატმა 0 პროცენტი აჩვენა. ამის შემდეგ იგივე აპარატით სხვა ადგილზე შეამოწმეს და იქ დადგინდა გაჟონვის კვალი. ეს ნიშნავს, რომ აპარატი არ იყო მწყობრიდან გამოსული.
ჩვენ ვითხოვთ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან ალტერნატიული სახით გირაოს, სამი ათასი ლარის ოდენობით.
ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ თვლიან. მართალია, მოხდა საშინელი ფაქტი, მაგრამ იმ პოზიციას, რაც ბრალდებას აქვს, დაკავებულები არ იზიარებენ”,-განაცხადა თამარ ჯაფარიძემ.
დაკავებულებს ბრალი სსსკ-ის 220-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.
16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, აქედან ერთი მცირეწლოვანი. შემთხვევისას რვა ადამიანი დაშავდა.