დიდ ბრიტანეთში დღეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის პარტია თუ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 320 მანდატის მოპოვებას ვერ შეძლებს, ოპოზიციას კოალიციის ჩამოყალიბების საშუალება მიეცემა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნება და 23:00 საათზე დაიხურება.
ეგზიტპოლების შედეგები საარჩევნო უბნების დახურვიდან რამდენიმე საათში გახდება ცნობილი, ვადამდელი არჩევნების ოფიციალური შედეგები კი – სავარაუდოდ, 13 დეკემბერს, დღის პირველ ნახევარში.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის ინიციატივით პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მას შემდეგ გამოვიდა, რაც ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მის მიერ ბრექსიტის შესახებ ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას მხარი არ დაუჭირა.