დიდ ბრიტანეთში ავტოფარეხის კედელზე ბენქსის მიერ შესრულებული ნახატი 130 ათას დოლარად გაიყიდა
დიდ ბრიტანეთში ავტოფარეხის კედელზე ბენქსის მიერ შესრულებული ნახატი 130 ათას დოლარად გაიყიდა. გრაფიტის მხატვარმა უელსის ქალაქ პორტ ტოლბოტში ნამუშევარი საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით, დეკემბერში დახატა.
BBC-ის ინფორმაციით, საშობაო დღესასწაულთან დაკავშირებით შექმნილი გრაფიტის ახალი მფლობელი სამხატვრო გალერეის მფლობელი, ჯონ ბრენდლერომია. მან პირობა დადო, რომ უახლოესი სამი წლის განმავლობაში ნამუშევარი ქალაქ პორტ ტოლბოტში დარჩება, რის შემდეგაც ნახატს მის გალერეაში გადაიტანენ.
გრაფიტის ანონიმური მხატვრის თავდაპირველი მფლობელი ადგილობრივი იენ ლუისია, რომელმაც შობამდე ერთი კვირით ადრე საკუთარი ავტოფარეხის კედელზე გრაფიტის ცნობილი მხატვრის ნამუშევარი აღმოაჩინა. ამ ხნის განმავლობაში 55 წლის ლუისის სახლთან ნახატის დასათვალიერებლად 30 ათასამდე ადამიანი მივიდა.
ლუისმა განაცხადა, რომ ბენქსის ნამუშევრის შეძენისთვის გაცილებით დიდ თანხას სთავაზობდნენ, თუმცა მისი პირობა ნამუშევრის ქალაქში დატოვება იყო. ბენქსის საშობაო ნახატს პორტ ტოლბოტის ცენტრალურ ნაწილში გადაიტანენ.