პარიზში ბენქსის ნახატი მოიპარეს, რომელიც მხატვარმა „ბატაკლანის“ კარზე დახატა
პარიზში ბენქსის ნახატი მოიპარეს, რომელიც მხატვარმა „ბატაკლანის“ კარზე დახატა

პარიზში ბენქსის ნახატი მოიპარეს. საუბარია გრაფიტიზე, რომელიც მხატვარმა საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანის“ კარზე დახატა. ეს ის ადგილია, სადაც 2015 წლის 13 ნოემბერს როკ-ჯგუფის, Eagles of Death Metal-ის კონცერტის დროს ტერორისტებმა 90 ადამიანი მოკლეს.

ინფორმაცია ნამუშევრის მოპარვის შესახებ „ბატაკლანის“ ხელმძღვანელობამ სოციალური ქსელით გაავრცელა.

„ე.წ. სტრიტ არტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ნამუშევარი კონკრეტულ გარემოში გააცოცხლოს და დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნამუშევრის სხვაგან გადატანით მისი აზრი იკარგება. ამიტომ ჩვენი სურვილი იყო, რომ ბენქსის ნახატის ნახვა ყველა მსურველს თავისუფლად შეეძლებოდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ფრანგული მედია იუწყება, ბოროტმოქმედები სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა და ქურდობასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

2015 წლის 13 ნოემბერს შეიარაღებული ტერორისტების ჯგუფი თავს დაესხა პარიზის სტადიონს, საკონცერტო დარბაზ „ბატაკლანს“ და რამდენიმე კაფეს. თავდასხმების შედეგად დაიღუპა 130 ადამიანი, 350-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.