დღეს თვითმმართველი ქალაქის-თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტური იმართება
დღეს, 12 ნოემბერს, თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური იმართება.
არჩევნების მეორე ტურში სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში 6 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობს, მათგან ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური 317 საარჩევნო უბანზე ტარდება, მათ შორის, ერთი ქალაქ ქუთაისში გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი საარჩევნო უბანია. რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში 328 272-ს შეადგენს.
ცესკო-ს ცნობით, ამომრჩევლები მიიღებენ მხოლოდ ერთ საარჩევნო ბიულეტენს მერის ასარჩევად.
საერთო ჯამში, არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაიბეჭდა 299 450 ბიულეტენი.
20:00 საათზე, მას შემდეგ რაც დაიხურება საარჩევნო უბნები და დაიწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.