ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებს დამატებით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის რეკომენდაციით მიმართავს
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიებს დამატებით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის რეკომენდაციით მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრმა, ივანე ნორაკიძემ საოლქო საარჩევნო კომისიებს დამატებით საარჩევნო უბნების შედეგების გადათვლის რეკომენდაციით მიმართა, რომელიც ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეთანხმებით იქნა მიღებული.

როგორც ივანე ნორაკიძემ განაცხადა, მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების პირველმა ტურმა საარჩევნო ადმინისტრაციას აჩვენა, თუ რამდენად შეუწყო ხელი პროცესის უფრო მეტ გამჭვირვალობას როგორც ხმების გადათვლის პროცედურებმა, ისე ხმის დათვლის და გადათვლის ვიდეო გადაღებამ.

„მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურზე 1 457 საარჩევნო უბანზე განხორციელდა ვიდეოგადაღება. როგორც მოგეხსენებათ, პირველ ტურში ვიდეო ჩანაწერები, ნაცვლად დადგენილებით განსაზღვრული ხუთი დღისა, „გუგლ დრაივზე“ აიტვირთა და გასაჯაროვდა მე-3 დღეს, ხოლო მეორე ტურის ვიდეო ჩანაწერები გასაჯაროვდა დღეს, ანუ არჩევნებიდან ორ დღეში. მეორე ტურში ვიდეო გადაღება არ განხორციელდა მხოლოდ 292 საარჩევნო უბანზე. სწორედ ამიტომ, პროცესის მიმართ მეტი ნდობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეთანხმებით მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ყველა იმ საარჩევნო ოლქში, სადაც ვიდეო ფიქსაცია არ განხორციელდა 2-ზე მეტ საარჩევნო უბანზე, ლოტოტრონის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეირჩეს 2-2 უბანი და მოხდეს მათი მონაცემების გადათვლა; ხოლო იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც ასეთი უბნები ორი ან ნაკლებია, ავტომატურად გადაითვალოს ყველა მათგანი. აქედან გამომდინარე, მივმართავთ საოლქო საარჩევნო კომისიებს, ხვალვე უზრუნველყონ წილისყრისა და გადათვლის პროცედურების განხორციელება,“ – განაცხადა ივანე ნორაკიძემ.