დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღიშნება
დღეს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღიშნება

7 დეკემბერს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან დაკავშირებით სასტუმრო „რედისონში” სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ღონისძიება გამართა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა 2019 წელს შესრულებულ და 2020 წელს დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. ღონისძიებას ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, ასევე სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

75 წლის წინ, 1944 წლის 7 დეკემბერს, 52 სახელმწიფოს მიერ ხელი მოეწერა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ კონვენციას, რომელიც საჰაერო სამართლის სფეროში მოქმედი ძირითადი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტია და განსაზღვრავს სამოქალაქო ავიაციის საქმიანობის, უსაფრთხო ფუნქციონირების და განვითარების ძირითად ნორმებს.

1947 წლის 4 აპრილს, კონვენციის რატიფიკაციის პროცესის დასრულების შემდგომ ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO), რომლის ძირითად მანდატს წევრ სახელმწიფოებში მაქსიმალურად ერთგვაროვანი საავიაციო სტანდარტების და პრაქტიკის დანერგვა წარმოადგენდა.

საქართველომ ჩიკაგოს კონვენციასთან მიერთების თაობაზე დადგენილებას 1993 წლის 7 დეკემბერს მოაწერა ხელი. ოფიციალური შეტყობინების პროცედურის დასრულების შემდგომ, 25 წლის წინ, 1994 წლის 20 თებერვალს, საქართველო სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის სრულუფლებიანი (ICAO) წევრი გახდა.

დღეისათვის, ჩიკაგოს კონვენციის დანართები 12 ათასზე მეტ საერთაშორისო სტანდარტს და რეკომენდებულ პრაქტიკას (SARPs) აერთიანებს, რომელთა დაცვა 193 წევრი სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მთავარი ვალდებულებაა.

2013 წლიდან დღემდე, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ საავიაციო უსაფრთხოების ზედამხედველობის მაჩვენებლები თითქმის 56%-ით გააუმჯობესა (32%-დან – 87.64%-მდე). რაც შეეხება საავიაციო უშიშროებაზე ზედამხედველობას, მაჩვენებლები ამ მიმართულებით თითქმის 30%-ით გაუმჯობესდა (58%-დან – 87.8%-მდე). 2018 წელს ჩატარებული ICAO-ს აუდიტის შედეგების მიხედვით, საქართველოს მიერ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ეფექტური იმპლემენტაციის მთლიანი მაჩვენებელი 87.64% გახდა. ახალი მაჩვენებლებით, საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ, ხოლო ევროპაში მეათე ადგილზეა.

ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის, მიმდინარე წელს, ICAO-ს ასამბლეაზე, საქართველო ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატებით დაჯილდოვდა.