მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ჯეფ ბეზოსი დღეს კოსმოსში საკუთარი კომპანიის ქვეორბიტული რაკეტით გაფრინდება. ეკიპაჟის წევრები ასევე იქნებიან მისი ძმა მარკი, 82 წლის მფრინავი უოლი ფანკი და 18 წლის ნიდერლანდელი სტუდენტი ოლივერ დეიმენი.
მისია, სახელად NS-16, პირველი იქნება, რომლითაც ბეზოსის კომპანია Blue Origin-ი ადამიანებს კოსმოსში გაუშვებს. ბეზოსი მეორე მილიარდერი გახდება, რომელიც საკუთარი კომპანიის რაკეტით გაფრინდება; 11 ივლისს, საკუთარი კომპანია Virgin Galactic-ის რაკეტით კოსმოსში იფრინა რიჩარდ ბრენსონმა. გარდა ამისა, ოლივერ დეიმენი კოსმოსში გაფრენილი ყველაზე ახალგაზრდა პიროვნება იქნება, უოლი ფანკი კი, რომელიც 1960-იან წლებში წვრთნიდა ასტრონავტებს და თავად კოსმოსში არასოდეს ყოფილა — ყველაზე ხანდაზმული.
რაკეტა New Shepard-ი 20 ივლისს, თბილისის დროით 17:00 საათზე აფრინდება. მთელი მისია დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდება.
„გამშვები ჯგუფი მზად არის, რაკეტა მზადაა, ეკიპაჟი მზადაა, ფრენის დირექტორი მზად არის“, — ამბობს Blue Origin-ის NS-16 ფრენის დირექტორი სტივ ლანიუსი.
6-სართულიანი შენობის სიმაღლის რაკეტა New Shepard-ი ტეხასის ქალაქ ვან-ჰორნიდან, Blue Origin-ის გამშვები პუნქტიდან აფრინდება. დაახლოებით 100 კმ სიმაღლეზე რაკეტას გამოეყოფა კაფსულა, რომელშიც ეკიპაჟის წევრები იქნებიან. მიკროგრავიტაციის უწონადობაში ისინი რამდენიმე წუთს გაატარებენ და დედამიწის ზედაპირის გამრუდებასაც დაინახავენ. ამასობაში, რაკეტის გამწევი ვერტიკალურად დაჯდება აფრენის ადგილის სიახლოვეს. რამდენიმე წუთის შემდეგ, ეკიპაჟის კაფსულა პარაშუტებით დაეშვება მიწაზე.
გაშვებას შეგიძლიათ, თვალი ადევნოთ პირდაპირ ეთერში. ლაივსტრიმი თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება, გაშვებამდე კი, სიახლეებს შეგიძლიათ, გაეცნოთ ბეზოსის „ინსტაგრამზე“.