საფრანგეთის ქალაქ ლილში ჩოგბურთში მთავარი გუნდური ტურნირის – დევისის თასის გამარჯვებული გამოვლინდა. არსებობის ისტორიაში მეათედ და 2001 წლის შემდეგ პირველად, ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები გახდა.
ფრანგებმა დაძაბულ მატჩში დაამარცხეს ბელგია, რომელიც მესამედ თამაშობდა ფინალში და ისევ უტიტულოდ დარჩა. სტუმრებს ძალიან კარგ ფორმაში ჰყავდათ ლიდერი – დავიდ გოფენი, რომელმაც ცოტა ხნის წინ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ითამაშა. მან ორივე ერთეულთა მატჩი მოიგო, მაგრამ ძალიან სუსტად გამოიყურებოდა ბელგიელთა მეორე ნომერი სტივ დარცისი, რომელმაც ერთეულებში თავისი შეხვედრები პირწმინდად წააგო – ორ მატჩში მან მხოლოდ 10 გეიმი აიღო. ასეთ დროს, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა წყვილების შეხვედრას, რომელიც შაბათს გაიმართა და ის ფრანგების დუეტმა (რიშარ გასკე, პიერ-იუგ ერბერი) მოიგო.
საფრანგეთი-ბელგია 3:2
0:1 ლუკ პუიე-დავიდ გოფენი 5:7, 3:6, 1:6
1:1 ჟო-ვილფრიდ ცონგა-სტივ დარცისი 6:3, 6:2, 6:1
2:1 გასკე/ერბერი-ბემელმანსი/დე ლოორი 6:1, 3:6, 7:6(2), 6:4
2:2 ჟო-ვილფრიდ ცონგა-დავიდ გოფენი 6:7(5), 3:6, 2:6
3:2 ლუკ პუიე-სტივ დარცისი 6:3, 6:1, 6:0