დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატონ
დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატონ

დეპოზიტების დაზღვევის სისტემას შესაძლოა, იურიდიული პირები დაემატონ.

„დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“კანონში შესაბამისი ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა. ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ თუ მოქმედი რედაქციით დაზღვეულია მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები, ცვლილების შემდეგ იურიდიული პირების დეპოზიტებიც იქნება დაზღვეული.

მთავრობა განმარტავს, რომ კანონმდებლობაში განხორციელებულმა ცვლილებებმა, კერძოდ, რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამ გამოიწვია სადაზღვეო შემთხვევის ცნების განმარტების დახვეწა. კონკრეტულად კი გადახდისუუნარობის, გაკოტრების ამოღება და სადაზღვევო შემთხვევა მხოლოდ კომერციული ბანკის ლიკვიდაციისას დადგება.

„სადაზღვევო შემთხვევის დადგომამ და პროცესების ანალიზმა ცხადყო, რომ აუცილებელია კომერციული ბანკებისგან სააგენტომ მიიღოს და გადაამოწმოს არა მხოლოდ მათ მიერ წარმოდგენილი დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია, არამედ თავად შეამოწმოს იგი. შესაბამისად, განისაზღვრა, რომ სააგენტოს უფლება აქვს, კომერციულ ბანკებში არსებული დაზღვეული დეპოზიტების შესახებ ინფორმაცია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ან გადაამოწმოს ადგილზე“, – აღნიშნულია კანონპროექტში.

ინიციატივაში განმარტებულია, რომ დეპოზიტების დაზღვევის სისტემაში იურიდიული პირების დამატების შემთხვევაში (2021 წლის 1-ლი იანვრიდან) მთელ საბანკო სექტორს დეპოზიტების დაზღვევის ფონდში გადასახდელი თანხა დაახლოებით 2021 წელს 2.61 მლნ ლარით, 2022 წელს 2.69 მლნ ლარით, ხოლო 2023 წელს 2.76 მლნ ლარით გაეზრდება და რეგულარული შენატანის ოდენობა 2021 წელს დაახლოებით 30.57 მილიონი ლარი გახდება, 2022 წელს 31.83 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს 33.05 მილიონი ლარი.