დენის შმიგალი - უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს ნერგავს, შემოღებულია უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტის კოორდინაციის მექანიზმი ხუთი მეზობელი ქვეყნისთვის
უკრაინა მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს ნერგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკრაინამ წარადგინა მარცვლეულის კრიზისის მოგვარების გეგმა, რომელსაც მხარი ევროკომისიამ დაუჭირა.
„დღეს ხელს ვაწერთ ბრძანებას, რომლითაც შემოღებულია უკრაინის სოფლის მეურნეობის ექსპორტის ოთხი ჯგუფის შემოწმებისა და კოორდინაციის მექანიზმი ხუთი მეზობელი ქვეყნისთვის. ჩვენ უკვე ვამზადებთ ასეთ დოკუმენტებს რუმინეთთან და ბულგარეთთან გასაფორმებლად. ამ ქვეყნებმა არ დაარღვიეს ევროკავშირის სავაჭრო წესები და ასოცირების შეთანხმება, არ შემოიღეს ცალმხრივი შეზღუდვები. მადლობა ამისთვის. უკრაინა უაღრესად აფასებს პასუხისმგებლიან პარტნიორობას“, – განაცხადა შმიგალმა.
მისივე თქმით, 28 სექტემბერს გაიმართება საკოორდინაციო პლატფორმის მორიგი შეხვედრა ექსპორტისა და ტრანზიტის საკითხებზე, სადაც ეს წინადადებები საბოლოოდ დასრულდება, რათა გეგმა, რაც შეიძლება სწრაფად ამოქმედდეს.
შმიგალმა ასევე აღნიშნა, რომ ოთხმა ქვეყანამ იმუშავა უკრაინის გეგმაზე, გამოთქვა თავისი კონსტრუქციული წინადადებები და მზად არის განხილვისთვის. მისივე თქმით, მხოლოდ ერთი სახელმწიფოა წინააღმდეგი.
შმიგალმა განაცხადა, რომ ამას არანაირი ლოგიკური ან ეკონომიკური ახსნა არ აქვს, თუმცა მან არ დააკონკრეტა, რომელმა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის კონტროლის შემოთავაზებულ მექანიზმს.
„ჩვენ მადლობელი ვართ ყველა მეზობლის, რომლებიც ღია არიან კომპრომისისთვის. თავის მხრივ, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ჩავერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში. ეს არის დიალოგი და არა პოლიტიკური თამაშები, სადაც ფსონები ძალიან მაღალია – ჩვენი ერთიანობა და ჩვენი სოლიდარობა“, – განაცხადა შმიგალმა.