დეკანოზ იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, წმინდა სინოდი აღდგომის დღესასწაულზე მრევლის შეკრების საკითხზეც იმსჯელებს
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიისთვის მთავარი არ არის ქმედება, არამედ მთავარია ამ ქმედების მოტივაცია, – ამის შესახებ დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც დეკანოზმა აღნიშნა, სინოდი იმსჯელებს, არის თუ არა საკმარისი მოტივაცია ზიარების წესის შესაცვლელად შექმნილი ვითარება.
„მე ზუსტად არ ვიცი, სინოდი რა თემას განიხილავს, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესიისთვის მთავარი არ არის ქმედება, არამედ მთავარია ამ ქმედების მოტივაცია. ამას უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარია ჩვენ ვიცოდეთ, რა არის მოტივაცია, რატომ უნდა შეიცვალოს ზიარების წესი, ან რატომ არ უნდა შეიცვალოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ზოგადად წესები დროთა განმავლობაში იცვლებოდა და შეიძლება კიდევაც, რომ შეიცვალოს, მაგრამ მთავარია, იყოს სწორი მოტივაცია. თუ მოტივაცია სწორი იქნება, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში ქმედება იქნება გამართლებული. არის თუ არა საკმარისი მოტივაცია, ამასთან დაკავშირებით სინოდი იმსჯელებს“, – განაცხადა დეკანოზმა.
მისივე თქმით, წმინდა სინოდი სხდომაზე აღდგომის დღესასწაულზე მრევლის შეკრების საკითხზეც იმსჯელებს.
„ამასთან დაკავშირებითაც სინოდი იმსჯელებს. უმთავრესი საკითხი ეს იქნება, თუ როგორ დახვდება ეკლესია ამ ვირუსს. ისტორიაში ყოფილა უფრო რთული ვირუსებიც. ისინი გადახედავენ ისტორიას, გადახედავენ საეკლესიო სამართალს, დოგმატიკას და იმისდა მიხედვით გადაწყვეტენ“, – განაცხდა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
წმინდა სინოდის სხდომა 20 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება.