დეკანოზი დავით ქვლივიძე - ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი
ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი, – ამის შესახებ დეკანოზმა დავით ქვლივიძემ მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა გითხრათ, რომ ნარკომანია არის სატანიზმის მთავარი ნაწილი, ეს არის სატანის რიტუალის მთავარი ნაწილი, ბოროტ ძალებთან ურთიერთობა. ეს იწვევს სულიერ დეგრადირებას, ასევე ფიზიკურ განადგურებას. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ საჭესთან თუ დაიჭერ აუცილებლად უნდა აუკრძალო მართვა. ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ არ შეიძლება იყოს ადამიანი, ვინც არის სამხედრო, ბავშვებთან ვისაც აქვს ურთიერთობა, ძალოვან სტრუქტურებთან და ყველაზე მთავარი, უნდა იცოდეს რომ ასეთი ადამიანი, მისი შრომითი წარმატება არის ძალიან დაბალი. ასეთ კაცს უნდა მისცე ნახევარი ან მესამედი ხელფასი, როგორც სხვა ქვეყნებშია. ამ ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ის არის ავადმყოფი და საზოგადოების არასრულფასოვანი წევრი. თუ უნდა, გახდეს სრულფასავოვანი წევრი, უნდა აიძულო, თავი რაღაცეები გამოასწოროს.
ხშირად გვეუბნებიან, თქვენ დაჭერა გინდათო? არა, დაჭერა არ გვინდა. ადამიანი, რომელიც ნარკოტიკს ხმარობს, შეიძლება დააჯარიმო. თუ მუშაობს, ხელფასიდან ჩამოაჭრა, თუ არ მუშაობს, ათასი სამუშაოებია: გაზონების შელამაზება, საპირფარეშოების დასუფთავება, ბენზინის ჩამოსხმა“, – აცხადებს დეკანოზი დავით ქვლივიძე.
დეკანოზი დავით ნოზაძე კი მარიხუანას მოხმარებაზე სანქციების გაუქმებას ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხები რეფერენდუმის ჩატარებით უნდა გადაწყდეს და ოთხი კაცი არ წყვეტდეს.
„მნიშვნელოვან საკითხებს უნდა წყვეტდეს მთელი ერი. რეფერენდუმი ხომ არსებობს? მოდი, ვკითხოთ მთელ ჩვენ მოსახლეობას, რა ურჩევნია, იყოს ნებადართული, თუ არ იყოს ნებადართული? ჩემი აზრით, პრემიერი, მინისტრები, პარლამენტარები, სასულიერო პირები – ვისაც გვიყვარს სამშობლო და ადამიანი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს არ იყოს ნებადართული“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ნოზაძემ.