დეკანოზი დავით ლასურაშვილი - კითხვას ვსვამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს რომ ვუთხრათ, თქვენს ოჯახებში არ გამოლეულიყოს ჯაფარიძისნაირებიო, წყევლად თუ მიიღებენ
კითხვას ვსვამ, საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს რომ ვუთხრათ, თქვენს ოჯახებში არ გამოლეულიყოს ჯაფარიძისნაირებიო, წყევლად თუ მიიღებენ, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა განაცხადა.
„ბოდიშს ვიხდი, ირონიისთვის არ გეუბნებით, გულისტკივილით ვამბობ, გული გაგისკდება – იმ საკონსტიტუციო სასამართლოს ოთხ მოსამართლეს, ტურავას და სხვებს ოჯახები არ ყავთ? ასეთ კითხვას ვსვამ, ამ ადამიანებს, ოთხ მოსამართლეს და მათ მიმდევრებს და ვინც იცავს მათ გადაწყვეტილებას, თუნდაც დეპუტატები ბრძანდებოდეთ, რომ უთხრათ, რომ დალოცოთ ასე – თქვენ ოჯახებში არ გამოლეულიყოს ჯაფარიძისნაირად თავისუფლად განვითარებული პერსონებიო, ამას წყევლად მიიღებენ თუ თავდაცვად.
თქვენ გვეუბნებით, სხვა გამოსავალი არ დაგვიტოვეს, საკონსტიტუციო სასამართლო უაპელაციოდ გვთავაზობს ამას. სადაური წესია, რომ ასე, ყველაფერს მიიღებენ, თქვენ აქ, უკაცრავად და, სისხლს და ტვინს დაანთხევთ, რომ კანონები მიიღოთ და ვიღაც ოთხი ან ხუთი ადამიანი გამოდგება და რასაც უნდა, იმას მიიღებს. თუნდაც მანანა კობახიძე იყოს, ვინც უნდა იყოს“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
მან დეპუტატებს გარკვეული გამოსავალი შესთავაზა, თუ რა უნდა ჩაიწეროს კანონმდებლობაში.
„ჩვენც შეგვიძლია, რაღაც შემოგთავაზოთ. გამოსავალს ყველა ვეძებთ და ჩვენც ამ სახელმწიფოს წარმომადგენლები გახლავართ. გყავთ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა, თქვენ ახლა თუ შეცვლით რამეს, თორემ შემდეგი პარლამენტები როგორი აგებულების იქნება და როგორ იქნება იქ კვოტები განაწილებული, მე არ ვიცი.
ახლა შეიძლება ამის გაკეთება, რომ ჩაიწეროს, გნებავთ კონსტიტუციაში, გნებავთ მის ქვემდებარე აქტებში, თუნდაც ასეთი რამ, რომ „საქართველოში არცერთი სახის ნარკოტიკული საშუალება არ არის დეკრიმინალიზებული და ლეგალიზებული. ასევე, იკრძალება ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების კულტივაცია-წარმოება“. ასევე, თავისუფალი განვითარების განმარტებას უნდა ჩამოშორდეს თვითგანადგურებისა და დეგრადაციის შინაარსი. ვინ მისცა მოსამართლეს ამ მუხლის – „ყველას აქვს საკუთარი პიროვნების განვითარების უფლება“ თავისი ნებით, თავისი გონებრივი რესურსით ინტერპრეტირება. მე ვხედავ, რა გონებრივი რესურსი აქვთ, ვინ მისცა უფლება, რომ თვითონ გააკეთონ ინტერპრეტირება, თუ რა ითვლება განვითარებაში“, – აღნიშნა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.