დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი იქნება დარღვევები
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი იქნება დარღვევები

მუშაობენ შესაბამისი სამსახურები და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი იქნება დარღვევები, -განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ადგილზე სიმშვიდეა.

„საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა კომისია. კომისია ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩამოვიდა. ტელევიზიებით რამდენიმე დღის განმავლობაში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდებოდა. ზოგი მათგანი მაშინვე ეჭვს იწვევდა, ზოგი მათგანი საჭიროებდა გადამოწმებას. ამისთვის ჩამოვედით, ადგილზე ვნახეთ ბავშვები, დაველაპარაკეთ. ბავშთა სახლში სოცმუშაკები არიან – ხუთი თუ ექვსი ადამიანია. არიან ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, არიან პარლამენტის წარმომადგენლები, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წარმომადგენლები და ფსიქოლოგები. მიდის პროცესი, რომ გარემოებები შევისწავლოთ.

ამჯერად, ამ დროისთვის, რასაც ჩვენ გავეცანით, რაც ვნახეთ, სრულიად სიმშვიდეა. ბავშვები არიან ძალიან შეწუხებული ერთადერთი ამ გარემოთი, რაც შეიქმნა – აჟიოტაჟით, მხოლოდ ამით არიან დაძაბული.

მუშაობენ შესაბამისი სამსახურებიც, მათ შორის ბავშვები გამოკითხვაზეც არიან და პირველები ვიქნებით, ვინც ხმას ამოიღებს, თუკი აქ ბავშვების უფლებების მიმართ იქნება რაიმე დარღვევები.

სხვა ინფორმაცია, რაც აქამდე გავიდა აღძრული საქმეების თუ უფლებების დარღვევის შესახებ, ამის მიმართ მიმდინარეობს შესაბამისი ღონისძიებები, კვლევა და უახლოეს პერიოდში, ალბათ, იმედია, მეტი ნათელი მოეფინება ამ განცხადებებს, რაც აქამდე იყო გაკეთებული“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.