დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე - ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოებაში გარკვეული სიმშვიდე შემოიტანა
ირაკლი კობახიძის განცხადებამ გარკვეული სიმშვიდე შემოიტანა საზოგადოებაში და იმ ადამიანებში, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანი და გულსატკენი იყო, – ასე შეაფასა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომელიც კანაფის კულტივაციის შესახებ კანონპროექტის შესაძლო გაწვევას ეხება.
„ძალიან სასიხარულოა, რომ ხელისუფლებამ ყურად იღო ხალხის აზრი. ეს არის ნორმა. ეს არის ის, რა დამოკიდებულებასაც ვისურვებდით სახელმწიფოსა და მოსახლეობას შორის. ვფიქრობ, თვითონ ამ გადაწყვეტილების გახმაურება, კანონპროექტის მომზადება და ამ კანონის მიღების ასეთი ტონით დაწყება იყო ნაჩქარევი და არასწორი, მაგრამ ხელისუფლების ღირსებაზე ლაპარაკობს ის, თუ რაღაცა მომენტში საღ აზრს გაითვალისწინებენ და დაუბრუნდებიან. შეცდომის აღიარება და გამოსწორება მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ, ამიტომ ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამას. ვფიქრობ, ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი წინადადება, რომელიც ირაკლი კობახიძემ განაცხადა. უნდა ვნახოთ, რომ მართლა გამოიწვიეს კანონის მეორე ნაწილი. ამ შემთხვევაში, მართლაც აღარაფერი იქნება წინააღმდეგობრივი და საკამათო“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
მისივე თქმით, მარიხუანას კულტივაცია ქვეყნისთვის დამღუპველია და აღნიშნა, რომ ეკლესია ვერ იქნება თანახმა ნებისმიერი სახის, ჯიშისა და რაოდენობის პლანტაციების მოყვანასა და გაშენებაზე.
„ირაკლი კობახიძის განცხადებამ გარკვეული სიმშვიდე შემოიტანა საზოგადოებაში და იმ ადამიანებში, ვისთვისაც ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი და გულსატკენი. რაც შეეხება კონსულტაციებს, ჩვენ აქ მხოლოდ ერთი პოზიცია გაგვაჩნია. ამასთან დაკავშირებით ვერანაირი კომპრომისი ვერ მოხერხდება, ამიტომ თუ ამას კონსულტაცია დაერქმევა, თათბირის დროს, ეკლესიას მხოლოდ ერთი რამე აქვს სათქმელი, რომ კულტივაციის დაშვება ქვეყანაში არის დამღუპველი და შეუძლებელია მისი განხორციელება ჩვენს რეალობაში. არავითარ შემთხვევაში არანაირი სახის, ჯიშისა და რაოდენობის პლანტაციების მოყვანასა და გაშენებაზე ეკლესია თანახმა ვერ იქნება“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ დარწმუნდებიან, რომ კანონპროექტმა შეიძლება, არალეგალური გზით ნარკოტიკების მიმოქცევა წაახალისოს, კანონპროექტი გაწვეული იქნება.