დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციასთან საუბარი უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც შეეხება
მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია უკვე საქართველოში იმყოფება. როგორც პირველ არხს საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, დელეგაცია საფრანგეთის მიტროპოლიტის, ემანუელის ხელმძღვანელობით საქართველოს პატრიარქს ხვალ, დღის პირველ ნახევარში შეხვდება.
დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის თქმით, არსებულ ვითარებაში შეუძლებელია, სტუმრებთან საუბარი არ შეეხოს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხსაც.
„უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხზე საპატრიარქოს პოზიცია არ შეიძლება, განსხვავებული იყოს სინოდის პოზიციისგან. ამ ვიზიტს არ მოყვება სინოდის გადაწყვეტილების ცვლილება იმასთან დაკავშირებით, რომ შემდეგ სინოდზე გაგრძელდეს მსჯელობა. ამიტომ, საპატრიარქოს პოზიცია არ შეიცვლება. დაველოდებით სინოდს და ანალოგიური იქნება საპატრიარქოს პოზიციაც.
რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში საუბარი არ შეიძლება, რომ არ შეეხოს უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს და ვიმსჯელებთ ამაზეც. თქვენ ხედავთ, რამდენად დაინტერესებულია საზოგადება ეკლესიური საკითხებით, მოიცვა საზოგადოების ყველა ფენა და ხდება პოლიტიკური შემადგენელის მაქსიმალურად გაზრდა ამ საკითხში. ამიტომ, ყველას აინტერესებს ეს საკითხი“, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.