დედოფლისწყაროში შობის დღესასწაულს ახალი ნაძვის ხით შეხვდებიან. სამონტაჟო სამუშაოები დედოფლისწყაროს ცენტრში რამდენიმე საათია, მიმდინარეობს.
დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, ახალი ნაძვის ხე წინაზე უფრო მაღალი და ლამაზი იქნება, მასზე საახალწლო ფიგურები განთავსდება და საშობაოდ, ექვს იანვარს საზეიმოდ აინთება.
„ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ჩვენი მთავარი ნაძვის ხე დაიწვა. უფრო სწორად, დაგვიწვეს. მადლობა პოლიციელებს, რომლებმაც ოპერატიულად იმუშავეს და დაადგინეს ის პირი, ვინც ეს ჩაიდინა. დამნაშავეს სამართალდამცველები მიხედავენ, ჩვენ კი დღეს ჩამოვიტანეთ სრულიად ახალი ნაძვის ხე. ეს იქნება კახეთში ყველაზე დიდი და ყველაზე ლამაზი ნაძვის ხე. ახლა მონტაჟი მიმდინარეობს და შობის წინა საღამოს ვგეგმავთ, რომ გავანათოთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა.
დედოფლისწყაროს მთავარი ნაძვის ხე ორ იანვარს, გვიან ღამით დაიწვა.