დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტო)
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო (ფოტო)

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტის შენობის წინ დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო. ღონისძიებაზე, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე შესრულდა სიმღერები, ასევე გაიმართა კოსტუმირებული წარმოდგენა. ამასთან, სპეციალურად ამ დღისთვის მსმენელის წინაშე წარდგა და თავის ბენდთან ერთად სიმღერები შეასრულა მომღერალმა იტალიიდან, სტეფანო სინიორონმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დედაქალაქის მერი კახა კალაძე, ასევე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, დღეს განსაკუთრებული დღეა საქართველოს უახლეს ისტორიაში.

„ჩემო ძვირფასებო, ჩემო გემრიელო ხალხო, მოგესალმებით ამ ულამაზესი დედაქალაქის ჯადოსნური ქალაქის მკვიდრნო. მივესალმები ჩვენს სტუმრებს რეგიონიდან, სტუმრებს უცხოეთიდან. მინდა, განსაკუთრებული სიყვარულით მივესალმო ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს. ძალიან კარგად მესმის, რამდენად დიდია მათი მხრიდან სურვილი, რომ დაბრუნდნენ საქართველოში. ისინი აუცილებლად დაბრუნდებიან შინ ევროპაში. დღეს არის განსაკუთრებული დღე ჩვენს ქვეყანაში, საქართველოს უახლეს ისტორიაში. კიდევ ერთხელ მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოგილოცოთ დღევანდელი დღე, კანდიდატის სტატუსის მიღება, ეს არის ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის დამსახურება, ეს არის იმ ბრძოლის შედეგი, რომელიც ჩვენ ამდენი წლის განმავლობაში გამოვიარეთ. მადლობა ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა ადგას იმ მნიშვნელოვან გზას, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული მომავალი ჰქვია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს ასევე მიმართა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს და დამდეგ 2024 წელს. ჩვენი დედაქალაქი ულამაზესია, მაგრამ საახალწლო დღეებში განსაკუთრებულად ლამაზია და ამისთვის კახის განსაკუთრებული, ძალიან დიდი მადლობა. 2024 წელი ყოფილიყოს საუკეთესო და უბედნიერესი ჩვენი ქვეყნისა და თითოეული თქვენგანისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, მოქალაქეებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

„გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, დამდეგ შობას. ეს პერიოდი სურვილების ჩაფიქრების, ოცნებების ახდენის პერიოდი უნდა იყოს. ჩვენდა საბედნიეროდ, ყველამ ერთად შევძელით, რომ ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, ერთად ავიხდინეთ ერთი ოცნება და გავკაფეთ გზა ჩვენი შვილების ევროპული მომავლისკენ. ყველას გილოცავთ დამდეგ ახალ წელს, გისურვებთ ბედნიერ შობას და ევროპულ საქართველოს. იმ საქართველოს, რომელშიც ყველა სიყვარულით, ტრადიციით, ღირსებით ერთად ვიცხოვრებთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე ასევე შეკრებილებს სიტყვით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, გუშინდელ დღეს, დამდეგ შობა-ახალ წელს. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს შეგვიძლია, ვიამაყოთ ჩვენი ერით, ჩვენი იდენტობით, ქვეყნით, სამშობლოთი და ჩვენი მთავარი ოცნება აუცილებლად ასრულდება. გუშინ ისეთი დღე იყო, შეუძლებელია, არ ასრულდეს საქართველოს ოცნება, ქართველი ხალხის ოცნება – ევროპული მომავლის, ჩვენი ქვეყნის გაერთიანების, ღირსეული წინსვლის, განვითარების, შერიგების და საბოლოო ჯამში, პატარა ანგელოზების ბედნიერება. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.