დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში მთავარი ნაძვის ხის ანთება 15 დეკემბრისთვის იგეგმება.
კახა კალაძის თქმით, სხვა დეტალებზე მოგვიანებით მიაწვდის საზოგადოებას ინფორმაციას.
„ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება თბილისი 2024 წელს. გახსოვთ, გასულ წელს ნაძვის ხეს ფოიერვერკი ესროლეს, რის შედეგადაც ცეცხლი მოეკიდა. სახანძროს ჩართულობით ჩააქრეს ცეცხლი, თუმცა ნაძვის ხე დაზიანდა და ახალი ნაძვის ხის ყიდვა მოგვიწია. 15 დეკემბერს ვგეგმავთ ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის ანთებას. იქნება შესაბამისი კონცერტი, რაზეც ცოტა მოგვიანებით მოგაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძის ინფორმაციით, 16 დეკემბრისთვის იგეგმება საახალწლო სოფლის გახსნა.
„ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდება ამას. საახალწლო სოფელი განთავსებული იქნება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება მისვლა ჩვენს შვილებთან, პატარებთან ერთად. ყველა თაობის ადამიანისთვის განკუთვნილი იქნება შესაბამისი სივრცე. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე ვუმასპინძლებთ 31 დეკემბერს. რომელ საათზე აინთება ნაძვის ხე, კონცერტში ვინ მიიღებს მონაწილეობას, ამ ყველაფერთან დაკავშირებით ცოტა მოგვიანებით მივაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას, თუმცა გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს იქნება ძალიან ლამაზი და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, როგორც კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თბილისის მთავარი გამზირი, რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით.