დედაქალაქში მოსული თოვლის გამო, შპს „თბილსერვის ჯგუფი“ გზის გაწმენდისა და ტექნიკური მარილის დაყრის სამუშაოებს განაგრძობს.
როგორც „თბილსერვის ჯგუფში“ აღნიშნავენ, ტექნიკური მარილი მთელი ღამის განმავლობაში იყრებოდა დედაქალაქის ყველა რაიონის ცენტრალურ ქუჩებსა და თბილისს შემოერთებული ტერიტორიების გზებზე. დაბალი ტემპერატურის გამო, სამუშაოები დილიდანვე გაგრძელდა.
„ყინვის გამო გზები მოლიპულია. გზის გაწმენდის სამუშაოებში, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს, ჩართულია 350-მდე თანამშრომელი. იწმინდება არა მარტო ცენტრალური გზები და მოედნები, არამედ ბორდიურები, მიწისქვეშა გადასასვლელები, კიბეები და გაჩერებები. ჯამში 1 000 ტონაზე მეტი მარილი დაიყარა ბოლო დღეების განმავლობაში. სამუშაოებში 30-ზე მეტი სპეცტექნიკაა ჩართული. პრიორიტეტულია პირველი კატეგორიის ქუჩები, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი გადაადგილდება. კოორდინაციაში ვართ საპატრულო პოლიციასა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან, ასევე, რეაგირების გარეშე არ რჩება ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებები. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეები გადაადგილდნენ ზამთრის საბურავების მქონე ავტომანქანებით“, – განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, დავით ფაჩულიამ.
პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მოქმედებს „თბილსერვის ჯგუფისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზები – 2 61 90 50, 2 72 22 22.