დედამიწა ერთი მთლიანი, კლდოვანი მასა არ არის. ჩვენი პლანეტის გარე შრე, რომელსაც ლითოსფერო ეწოდება, 20-ზე მეტი ტექტონიკური ფილისგან შედგება; როდესაც ეს უზარმაზარი ფილები პლანეტის ზედა ნაწილში სრიალებენ, ხდება კონტინენტების მოძრაობა და ურთიერთქმედება საზღვრებთან, რაც განაპირობებს მთათა მთელი ქედებისა და ოკეანური ღრმულების წარმოქმნასა და გაქრობას.
ამ უზარმაზარი კლდოვანი ფილების მოძრაობის გამომწვევ მიზეზთა შესახებ მეცნიერებს შორის გარკვეული დებატები მიმდინარეობს.
საუკუნეების მანძილზე მრავალი ჰიპოთეზა გაჩნდა, მათ შორის ყველზე რეალურად მიიჩნევა კონვექციური დინებები, რომლებსაც პლანეტის ცხელი ბირთვი წარმოქმნის; მაგრამ საეჭვოა, გამოიმუშავებს თუ არა ეს ეფექტი საკმარის ენერგიას.
ახლახან გამოქვეყნებული კვლევა ახსნას ცაში ეძებს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ხშირად, დიდი ობიექტების გადასაადგილებლად ძალა გამოიყენება და არა სითბო, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ დედამიწის ტექტონიკური ფილების მოძრაობას შეიძლება განაპირობებდეს მზის, მთვარისა და დედამიწის გრავიტაციული ურთიერთქმედება.
ამ ჰიპოთეზის საკვანძო ნაწილია ბარიცენტრი — ორბიტაზე მოძრავ სხეულთა სისტემის მასის ცენტრი, ამ შემთხვევაში, დედამიწისა და მთვარის. ეს გახლავთ წერტილი, რომლის გარშემოც მთვარე მოძრაობს და არ არის პირდაპირ ჩვენი პლანეტის მასის ცენტრში, რასაც გეოცენტრს ვუწოდებთ.
დედამიწის ფარგლებში ბარიცენტრის მდებარეობა თვის განმავლობაში დაახლოებით 600 კილომეტრამდე იცვლება, რადგან მზის გარავიტაციის გამო, მთვარე დედამიწის გარშემო გაწელილ ორბიტაზე მოძრაობს.
„ვინაიდან რხევადი ბარიცენტრი გეოცენტრიდან დაახლოებით 4600 კილომეტრში მდებარეობს, დედამიწის ტანგენციალური ორბიტული აჩქარება და მზის მიერ მიზიდვა დაუბალანსებელია ყველგან ბარიცენტრის გარდა. პლანეტის თბილი, სქელი და ძლიერი შიდა ფენები ამ დაძაბვას უძლებს, მაგრამ მისი თხელი, ცივი, მყიფე ლითოსფერო მას დაბზარვით ეპასუხება“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ან ჰოფმაისტერი.
კიდევ უფრო მეტ დაძაბვას მატებს დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო, რის გამოც ის ოდნავ გაბრტყელებულია და არა უზადო სფეროს ფორმის; ამ სამმა დაძაბვამ ერთობლივად — მთვარის, მზის და თავად დედამიწისგან, შეიძლება გამოიწვიოს ტექტონიკური ფილების გადაადგილება და გახლეჩვა.
„განსხვავებები ცენტრიდანული ძალის განლაგებასა და მაგნიტუდაში, რასაც თან ახლავს მზის მიერ დედამიწის მიზიდვა კომპლექსურ ორბიტაზე მოძრაობისას, ჩვენს პლანეტაზე წარმოშობს ასიმეტრიულ, დროებით ცვალებად ძალებს, რომლებიც უკვე დაჭიმულია პლანეტის ბრუნვის შედეგად“, — წერენ მკვლევრები.
მკვლევართა განცხადებით, ზედაპირის ქვეშ ისე ხდება, რომ ამ სტრესისა და დაძაბულობის გამო, მყარი ლითოსფერო და მყარი ზედა მანტია სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავენ და ამ ყველაფრის მიზეზია დედამიწა-მთვარე-მზის განსაკუთრებული კონფიგურაცია.
როგორც ჰოფმაისტერი აღნიშნავს, გადამწყვეტია ჩვენი გამორჩეულად დიდი მთვარე და მზისგან კონკრეტული დაშორება.
მკვლევრები ირწმუნებიან, რომ მთვარის და იმ ცვლილებების გარეშე, რომლებსაც ის ბარიცენტრსა და გეოცენტრს შორის იწვევს, დედამიწის ზედაპირზე არ გვექნებოდა ტექტონიკური ფილების აქტივობა. ვინაიდან მზის მიერ გრავიტაციული მიზიდვა მთვარეზე 2,2-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე დედამიწის მიერ, ჩვენს პლანეტას ის თანდათან შორდება.
მკვლევართა განცხადებით, გრავიტაციულ ძალებს ამ ყველაფრის მოქმედებისთვის მაინც ესაჭიროებათ დედამიწის ცხელი წიაღი.
„ვვარაუდობთ, რომ ფილების ტექტონიკა ორი სხვადასხვა, მაგრამ ერთმანეთთან ურთიერთქმედი გრავიტაციული პროცესის შედეგია. ხაზს ვუსვამთ, რომ დედამიწის წიაღის სითბო გადამწყვეტია იმ თერმული და ფიზიკური საზღვრის წარმოსაქმნელად, რომელსაც ლითოსფეროს ვუწოდებთ, მისი ბაზალური დნობისა და ქვეშ მდებარე დაბალი სიჩქარის ზონისთვის“, — წერენ მკვლევრები.
კვლევაში განვითარებული ჰიპოთეზის შემდგომი დამტკიცებისთვის, მკვლევრებმა საკუთარი ანალიზი მზის სისტემის რამდენიმე კლდოვან პლანეტას და მათ მთვარეებს მოარგეს, რომელთაგან არც ერთზე ამ დროისათვის არ დასტურდება ტექტონიკური აქტივობა.
დედამიწასა და მზის სისტემის სხვა მთავარ სხეულებს შორის შედარებამ გამოავლინა პოტენციური ახსნა იმისა, თუ რატომ არ ფიქსირდება ტექტონიკური აქტივობა რომელიმე დიდ მთვარეზე ან კლდოვან პლანეტაზე. ერთ-ერთი სხეული, რომელსაც ყველა საჭირო პარამეტრი აქვს, არის პლუტონი.
„ერთ-ერთი ტესტი იქნება პლუტონის ტექტონიკის დეტალური შესწავლა; პლუტონი ზედმეტად პატარა და ცივია, რათა კონვექცია ჰქონდეს, მაგრამ მას გიგანტური ბუნებრივი თანამგზავრი (მთვარე) და საოცრად ახალგაზრდა ზედაპირი აქვს“, — ამბობს ვაშინგტონის უნივერსიტეტის გეოფიზიკოსი ან ჰოფმაისტერი.
კვლევა GSA Special Papers-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია wustl.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.