დედამიწის სიღრმეში სავარაუდოდ იმალება მილიარდობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი გიგანტური ქანების ანომალია
დედამიწის სიღრმეში სავარაუდოდ იმალება მილიარდობით წლის განმავლობაში ხელუხლებელი გიგანტური ქანების ანომალია

პლანეტის სიღრმეში სავარაუდოდ იმალება დაკარგული კონტინენტების ზომის ქანების გიგანტური მასა, რომელიც იქ სრულ იზოლაციაშია დედამიწის წარმოქმნის შემდეგ. ამის შესახებ მეცნიერები ახალ კვლევაში იუწყებიან.

ამ იდუმალებით მოცულ ორ სტრუქტურას დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს უწოდებენ (LLSVP) და ამ დრომდე მათ შესახებ დაზუსტებით ცოტა რამ იყო ცნობილი. თუმცა ვიცით, რომ ისინი არსებობს და შესაძლოა, დედამიწაზე ფრიად უცნაურ გავლენასაც ახდენენ.

როგორც ჩანს, მათ შესახებ ამჯერად რაღაც ახალი აღმოვაჩინეთ, რამაც შეიძლება, საბოლოოდ ამოგვახსნევინოს დაბალი სიჩქარის დიდი ოლქების საიდუმლო.

დედამიწის წიაღში განთავსებული ამ უზარმაზარი, კონტინენტის ზომის ოლქების შესწავლა ყოველთვის რთული იყო, რადგან ისინი მოქცეულია ძალიან ღრმად, ზედაპირიდან დაახლოებით 2900 კმ სიღრმეში, მანტიისა და დედამიწის თხევადი ბირთვის საზღვრის სიახლოვეს.

ერთი ასეთი მასა აფრიკის ქვეშ მდებარეობს, მეორე კი წყნარი ოკეანის. მათ შესახებ არსებული ინფორმაციის დიდი ნაწილი სეისმური ვიზუალიზაციის შედეგად ვიცით, მაგრამ არსებობს მნიშვნელოვანი წყვეტა ამ სახის მონაცემებსა და ვულკანების მიერ დედამიწის სიღრმიდან ვულკანების მიერ ამოტანილი ქანების ანალიზებს შორის.

კალიფორნიის უნივერსიტეტის გეოლოგის, კურტის უილიამსის განცხადებით, ყველა ეს გეოქიმიური გაზომვა ჩატარებულია დედამიწის ზედაპირზე, მაგრამ უცნობია, რამდენად უკავშირდება ეს მონაცემები დედამიწის წიაღის რეგიონებს. ანუ, უცნობია, რამდენად არის დაკავშირებული ეს გეოქიმია დედამიწის ზედაპირთან.

ამჯერად, როგორც ჩანს ამ ორი წერტილის შეერთების გზა გამოჩნდა. აქამდე მიიჩნეოდა, რომ დაბალი სიჩქარის დიდი ოლქები ჩაძირული ოკეანური ფილები იყო, მაგრამ ახალი კვლევის ფარგლებში, უილიამსი და მისი ჯგუფი ამ ფენომენის შესახებ ალტერნატიულ ახსნას გვთავაზობენ.

როგორც კვლევაშია ნათქვამი, გეოდინამიკური სიმულაციები მიუთითებს, რომ მანტიური პლუმების ის იერსახე, რასაც დღეს ზედაპირზე ვხედავთ, ამოწვერილი უნდა იყოს ქვედა მანტიის წყაროებიდან.

როცა ეს გვერდითი გამონაშვერები მხედველობაში მიიღეს, გამოიკვეთა ძლიერი კავშირი ოკეანური ბაზალტებისა და სეისმურად ნელი რეგიონების ჰელიუმის იზოტოპებს შორის. ორივე მათგანი როგორც წესი, მოქცეულია დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს შიგნით.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ არსებობს ჰიპოთეტური გეოქიმიური კავშირი ვულკანურად აქტიურ ზონებში აღმოჩენილ ოკეანურ ქანებსა და კონტინენტების ზომის დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებს (LLSVP) შორის.

დედამიწის სიღრმიდან ქანების ზედა მიმართულებით მოძრაობის კიდევ ერთი ვარიანტია იმის წარმოდგენა, რომ ზედაპირისკენ მიმავალ გრძელ გზაზე ისინი ცოტათი ერთმანეთის გარშემოც მოძრაობენ.

ჯგუფის მოდელირება, რომელიც მანტიაში ქანების მოძრაობისას ასეთ რხევებსაც ითვალისწინებდა, მიუთითებს, რომ ბაზალტის ნიმუშებში ნაპოვნი ჰელიუმის უკიდურესად პრიმიტიული ფორმა (ჰელიუმ-3) სათავეს იღებს დაბალი სიჩქარის დიდ ოლქებში.

თუკი მკვლევართა ჯგუფი მართალია, ეს მართლაც დიდი აღმოჩენაა.

„დაბალი სიჩქარის დიდი ოლქების პირველყოფილი ბუნება მიუთითებს, რომ ეს რეგიონები მთლიანად არ შედეგება გადამუშავებული ფილებისგან; ქსენონისა და ვოლფრამის იზოტოპური ანომალიები მოითხოვს, რომ დაბალი სიჩქარის დიდი ოლქების პირველყოფილი ნაწილი უნდა წარმოქმნილიყო დედამიწის აკრეციისას, ხელუხლებლად უნდა გადარჩენილიყო მთვარის წარმომქმნელ გიგანტურ შეჯახებას და შედარებით შეურეველი უნდა გადარჩენოდა მანტიის კონვექციას მომდევნო 4,5 მილიარდი წლის განმავლობაში“, — წერია კვლევაში.

კვლევის ხასიათის გათვალისწინებით, მკვლევართა ჯგუფი აცნობიერებს, რომ მანტიური პლუმების ფორმები მათ მოდელირებაში ცოტა გაურკვეველია, მაგრამ იმედოვნებს, რომ მომავალში, მანტიის ტომოგრაფიის მოდელები გაუმჯობესდება და მათი აღმოჩენაც დადასტურდება.

კვლევა ჟურნალ Geochemistry, Geophysics, Geosystems-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია GeoSpace-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.