ხმოვანი ტალღების გამოყენებით, დედამიწის სიღრმეში მეცნიერებმა დიდი ოდენობით ალმასი აღმოაჩინეს. მათი შეფასებით, ძვირფასი მინერალის ოდენობა კვადრილიონ ტონას აღემატება.
აღნიშნულ დასკვნამდე მივიდნენ მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის, ჰარვარდისა და კალიფორნიის უნივერსიტეტების მკვლევრები.
„ალმასი ძვირფასი და ეგზოტიკური მინერალია, მაგრამ აშკარა ხდება, რომ გეოლოგიური მასშტაბით ის საკმაოდ გავრცელებულია. მათი მოპოვება არ შეგვიძლია, მაგრამ ფაქტია, ალმასების ოდენობა დედამიწაზე იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით“, — ამბობს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ულრიხ ფოლი.
მეცნიერთა ცნობით, ეს ალმასები განლაგებულია კრატონების სახელით ცნობილ კლდოვან ფორმაციებში, რომლებიც ფორმით ამობრუნებულ მთებს ჰგავს და გაწოლილია პლანეტის ტექტონიკური ფილების ცენტრში, დაახლოებით 322 კილომეტრის სიღრმეში.
მკვლევართა შეფასებით, კრატონების ქვედა ნაწილში ალმასების შემცველობა სავარაუდოდ 1-2 პროცენტია.
მეცნიერები სეისმური აქტივობის აღნუსხვისთვის, ანუ მიწისძვრის დასაფიქსირებლად იყენებენ დედამიწიდან ამომავალ ხმოვან ტალღებს.
სწორედ ხმოვანი ტალღების მონაცემების საშუალებით ადგენენ დედამიწის ყველაზე ღრმა ნაწილების შემადგენლობას და ხატავენ პლანეტის წიაღის ამსახველ შესაძლო სურათს.
ხმოვანი ტალღები სხვადასხვა სიჩქარით მოძრაობს, რაც დამოკიდებულია იმ ქანებისა და მინერალების შემადგენლობაზე, ტემპერატურასა და სიმკვრივეზე, რომლებსაც ისინი გამოივლიან.
ამ მეთოდით, ანუ ხმოვანი ტალღების სიჩქარეების შედარებით, მეცნიერები ადგენენ, რა ტიპის ქანებია დედამიწის ზედაპირქვეშ.
მკვლევრებმა გაარკვიეს, რომ კრატონების ქვედა ნაწილში გავლისას ეს ხმოვანი ტალღები გაცილებით სწრაფდება — უფრო მეტად, ვიდრე აქამდე ეგონათ.
ლაბორატორიაში მათ მრავალი ექსპერიმენტი ჩაატარეს. სხვადასხვა ქანებში ხმოვანი ტალღების გატარების შემდეგ, მკვლევრებმა დაადგინეს, რომ კრატონების ქვედა ნაწილში დაფიქსირებული სიჩქარის განვითარება ხმოვან ტალღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლოთ, თუ ეს ფორმაციები შეიცავს 1-2 პროცენტ ალმასს.
დედამიწის ალმასების სრული მასის შესაფასებლად, მკვლევრებმა ჩათვალეს, რომ კრატონებში ალმასების შემცველობა 1-2 პროცენტია, შემდეგ კი მონაცემები შეაჯერეს დედამიწის კრატონების ქვედა ნაწილების სრულ მოცულობასთან.
მათ მიერ მიღებულმა რიცხვმა 1016 ტონა ალმასი შეადგინა, ანუ 1000-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე ეგონათ.
თუმცა, ამ ალმასების მოპოვება შეუძლებელია, რადგან მდებარეობს დედამიწის ზედაპირიდან 145-241 კმ სიღრმეში, გაცილებით უფრო შორს, ვიდრე ნებისმიერ საბურღ მოწყობილობას შეუძლია მისწვდეს.
მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.