აღმოჩენილია ბოლო 300 წლის განმავლობაში უდიდესი ვარდისფერი ალმასი — #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ბოლო 300 წლის განმავლობაში უდიდესი ვარდისფერი ალმასი — #1tvმეცნიერება

ანგოლაში მაღაროელებმა აღმოაჩინეს მასიური ვარდისფერი ალმასი, რომელიც შეიძლება, ყველაზე დიდი ამ სახის ძვირფასი ქვა იყოს ბოლო 300 წლის განმავლობაში აღმოჩენილთა შორის.

ვარდისფერი ალმასი დაახლოებით 170 კარატს იწონის და ამ მხრივ ოდნავ ჩამორჩება 182-კარატიან ალმასს, სახელად დერიანური, რომელიც მსოფლიოში უდიდესი ვარდისფერი ალმასია და ამჟამად ირანის ეროვნული საგანძურის საკუთრებაშია.

ახალ ალმასს „ლულოს ვარდი“ უწოდეს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ანგოლაში მდებარე ლულოს მაღაროს გამო, რომელშიც ის აღმოაჩინეს. ამ და ანგოლის კიდევ ერთ სხვა ალმასების მაღაროს Lucapa Diamond Company ფლობს.

2015 წლიდან დღემდე, ლულოს სამთო მოპოვებითი პროექტის ფარგლებში 100 კარატზე მაღალი მაჩვენებლის მქონე 27 ალმასი აღმოაჩინეს, მათ შორის არის უდიდესი ალმასი ანგოლაში ოდესმე აღმოჩენილთა შორის: 404-კარატიანი „4 თებერვლის ქვა“, რომელიც 2016 წელს 16 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

ყველაზე დიდი ალმასი

„ლულოს ვარდი“ ლულოს მაღაროში აღმოჩენილი მეხუთე უდიდესი ალმასია და ვარაუდობენ, რომ უფრო მაღალ ფასად გაიყიდება.

ვარდისფერი ალმასები შედარებით იშვიათია და მეცნიერებმა ჯერ ბოლომდე არ იციან იმ ფენომენის შესახებ, რომელიც ამ ქვებს ვარდისფერ შეფერილობას აძლევს.

1999 წელს, მაღაროელებმა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს დაახლოებით 132-კარატიანი ვარდისფერი ალმასი, რომელსაც მოგვიანებით „ვარდისფერი ვარსკვლავი“ უწოდეს. თითქმის 20 წლის განმავლობაში, ექსპერტები მისგან 59-კარატიან სამკაულს ქმნიდნენ; 2013 წელს „ვარდისფერი ვარსკვლავი“ აუქციონზე 83 მილიონ დოლარად გაიყიდა და ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ძვირფასი ქვა გახდა.

რა თქმა უნდა, ექსპერტები „ლულოს ვარდსაც“ მისცემენ გარკვეულ ფორმას, რაც მის წონას ალბათ გაანახევრებს. თუმცა, 85 კარატამდეც რომ შემცირდეს, ეს კაშკაშა ვარდისფერი ქვა მაინც დაამყარებს გაყიდვების ახალ რეკორდს.

ადამიანები ალმასებს ჯერ კიდევ ძვ. წ. 2500 წლიდან აგროვებენ და ყიდიან. უკვე ათასწლეულებია, კაშკაშა შესახედაობა და უკიდურესი იშვიათობა მათ ერთგვარი სტატუსის სიმბოლოდ აქცევს, რომელზეც ხელი მხოლოდ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს მიუწვდებათ.

ალმასები ძალიან ღრმად, დედამიწის ზედაპირიდან 160 კმ სიღრმეში წარმოიქმნება, როდესაც ნახშირბადის დანალექები უკიდურესი სიცხისა და წნევის ქვეშ ექცევა. ზოგიერთი ალმასი ზედაპირზე შეიძლება ვულკანურმა ამოფრქვევამ ამოიტანოს, მაგრამ დღეს უმეტეს მათგანს სამთო-მოპოვებითი წესით პოულობენ.

მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 90 მილიონ კარატ ალმასს მოიპოვებენ, რაც 300 მილიარდ დოლარზე მეტ შემოსავალს უზრუნველყოფს. თუმცა, ალმასების მოპოვება ხშირად სახიფათო გარემოში ხდება და ორგანიზაცია Human Rights Watch-ის 2018 წლის მოხსენების თანახმად, ეს ინდუსტრია დაკავშირებულია ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებასთან, მუშების ექსპლუატაციასთან, დაბინძურებასთან და ადამიანის უფლებების დარღვევებთან.

მომზადებულია Live Science-ის მიხედვით.