ბიოლოგებს ბევრი არაფერი აღაფრთოვანებს ისე, როგორც მსოფლიოს იმ ნაწილების დათვალიერება, რომლებსაც ჯერ კიდევ შედარებით არ ეტყობათ ადამიანისგან მიყენებული ზიანი. გასული 30 წლის განმავლობაში, დედამიწის ბიომრავალფეროვნების დაცვის მიზნით, მეცნიერები ასეთი ველური გარემოს დაცვას და მათ გაფართოებას აქტიურად ცდილობდნენ.
თუმცა, რა არის სინამდვილეში ველური გარემო და როგორ ვიგებთ, რომ ასეთი ადგილი ვიპოვეთ? ხალხის დიდი ნაწილისთვის ასეთი გახლავთ ნებისმიერი მივარდნილი ადგილი, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ცხოვრობს, მაგრამ მეცნიერებისთვის ეს საკითხი ცოტა უფრო რთულად არის. ველური გარემოს სამეცნიერო განსაზღვრებათა უმეტესობა ამ კონცეპტს აიგივებს „ხელუხლებელთან“.
თუკი ჰაბიტატის საბაზისო სტრუქტურა, მაგალითად, ტყე ხელუხლებელია და იქ ადამიანის გავლენის მცირე კვალი შეიმჩნევა, ხშირად მას ველურ გარემოდ მიიჩნევენ.
გასული ათი წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევები თანამგზავრული ვიზუალიზაციით ცდილობდა ხელუხლებელ ეკოსისტემათა გლობალური მასშტაბით აღრიცხვას. მათი შეფასებები მიუთითებს, რომ პლანეტის ხმელეთის ზედაპირის 20-40 პროცენტი ჯერ კიდევ ეკოლოგიურად ხელუხლებლად შეგვიძლია ჩავთვალოთ.
თუმცა, ის, რისი დაფიქსირებაც თანამგზავრებით ხერხდება, მწირად იძლევა იმის გაზომვის საშუალებას, რამდენად ველურია ჰაბიტატი სინამდვილეში. ერთი შეხედვით ხელუხლებელ სახურავს მიღმა, ნადირობის, ინვაზიური სახეობების შეჭრისა და დაავადებების შედეგად დიდი ძუძუმწოვრების და ფრინველების გადაშენებამ, მსოფლიოს ველურ ზონებში ბიომრავალფეროვნება გამოფიტა.
ახალ კვლევაში, კემბრიჯის უნივერსიტეტის კონსერვაციის ინსტიტუტის მკვლევარმა ენდრიუ პლამპტრმა და მისმა კოლეგებმა ხელუხლებელი ეკოსისტემებისათვის ახალი განსაზღვრება გამოიყენეს, რომელიც მხედველობაში იღებს, არის თუ არა კონკრეტულ ზონაში იქ ჩვენთვის ცნობილი სახეობები კვლავ წარმოდგენილი და საკმარისი რაოდენობით, რომ საკუთარი ეკოლოგიური როლი შეასრულონ, მაგალითად, მოწინავე მტაცებლები და თესლების გამავრცელებლები.
ნიშნულად მათ ახ. წ. 1500 წელი აიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ველურად შეიძლება ჩათვლილიყო მსოფლიოს მხოლოდ ის ნაწილები, რომლებიც ეკოლოგიურად ისეთივე ხელუხლებელია, როგორც 500 წლის წინ იყო — სახეობათა იგივე კომპლექტით და იგივე სიუხვით.
აღმოჩნდა, რომ ამ აღწერილობას პლანეტის ხმელეთის ზედაპირის მხოლოდ 2,8 პროცენტი აკმაყოფილებს. თითოეული ასეთი მონაკვეთის ფართობი 10 000 კვადრატული კილომეტრი ან მეტია და მიმოფანტულია მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში.
მათ შორის არის ნუბალე-ნდოკის ეროვნული პარკი კონგოში, სერენგეტ-ნგორონგორო ტანზანიაში, ალტო-რიო-ნეგროს ტერიტორია ამაზონის ტყეში, ციმბირის დიდი ველი ჩრდილოეთ რუსეთში და კავესკარის ეროვნული პარკი სამხრეთ ჩილეში.
ეს ადგილები ძალიან იშვიათი და განსაკუთრებულია, საჭიროებს კონსერვაციას, მაგრამ მათი მხოლოდ 11 პროცენტი შედის დაცულ ტერიტორიებში.
დედამიწის სახმელეთო ეკოსისტემების მხოლოდ მცირე ნაწილია ისეთივე ხელუხლებელი, როგორც ისინი 500 წლის წინ იყო. რა არის საჭირო მათი აღდგენისთვის?
ცხადია, რომ იქ, სადაც სახეობა გადაშენდება, თავდაპირველი ველური გარემო ვეღარ გაცოცხლდება. თუმცა, იქ, სადაც სახეობა ლოკალურად მოისპობა, მაგრამ სხვაგან ის კიდევ არსებობს, არსებობს იმის იმედიც, რომ ამ სახეობის იქ ხელახლა შეყვანით ეკოსისტემის მთლიანობა კვლავ აღდგება.
ეს პროცესი მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანოების დიდ თავდადებას მოითხოვს, რადგან სახეობის ხელახლა შეყვანა ხშირად ძვირი და რთულია. წარმატების გარანტირებისთვის, საჭიროა მოისპოს ველური ბუნებისადმი საფრთხეები.
მკვლევართა ჯგუფის პროგნოზით, ეკოსისტემები ველური ბუნების საზოგადოებებით სიუხვისა და აქტივობის ისტორიულ დონეზე დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 20 პროცენტზე შეიძლება აღდგეს. იმ ზონებზე ფოკუსირებისას, სადაც თანამგზავრულ ფოტოებზე ჰაბიტატი ხელუხლებელი ჩანს, ჯგუფმა გამოავლინა ადგილები, სადაც ხუთი ან ნაკლები მოზრდილი ცხოველი გაქრა; ამავე დროს განსაზღვრეს ის ადგილებიც, სადაც მათი დაბრუნება უნდა იყოს შესაძლებელი.
მაგალითად, კონგოს აუზის ზოგიერთმა დაცულმა ტერიტორიამ დაკარგა ტყის სპილოები, მაგრამ ეს ზონები მაინც საკმაოდ დიდი, მივარდნილი და ხელუხლებელი ჰაბიტატით სავსეა, რომ ამ სახეობისთვის ხელსაყრელი იყოს. სპილოების იქ ხელახლა შეყვანა შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს, თუ ნადირობა კონტროლს დაექვემდებარება.
მსოფლიოს უკვე აქვს ბიომრავალფეროვნების მართვის ახალი ჩარჩო სტრუქტურა, რომლის წყალობითაც, ეკოსისტემების მთლიანობა ახალი მნიშვნელოვანი მიზანი ხდება. 2020-იან წლებს წელს გაერო-მ „აღდგენის ათწლეული“ უწოდა, რომელშიც ეროვნული ძალისხმევები დეგრადირებულ ჰაბიტატთა აღდგენისკენ უნდა მიიმართოს.
ეჭვგარეშეა, რომ მსოფლიოს ყველაზე მეტად დაზიანებული ჰაბიტატების აღდგენა მნიშვნელოვანია, მაგრამ არსებობს შედარებით ხელუხლებელ ჰაბიტატთა აღდგენის შესაძლებლობაც, რათა მათ წარსული დიდება დაიბრუნონ. მხოლოდ კონსერვაციის ნაცვლად, საკმაოდ ამბიციური ნაბიჯი იქნებოდა იმის ცდაც, რომ ამ ხელუხლებელი მონაკვეთებში იქ დიდი ხნის წინ გამქრალი ცხოველები ხელახლა შეგვეყვანა.
წარმატების შემთხვევაში, ეს ხელუხლებელი ადგილები იმის ფასდაუდებელი შემახსენებელი იქნება, თუ რა დაკარგა დანარჩენმა მსოფლიომ.
მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.