დედამიწის მანტიაში შორეულ წარსულში შეჯახებული უცხო პლანეტის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დედამიწის მანტიაში შორეულ წარსულში შეჯახებული უცხო პლანეტის ნაშთები აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ, დედამიწას რაღაც ძალიან დიდი შეეჯახა.

შედეგად, კოსმოსში ძალიან ბევრი ნარჩენი მასალა გაიტყორცნა, რომელმაც ჩვენი პლანეტის გარშემო იქამდე იტრიალა, ვიდრე მთვარე არ წარმოქმნა. იმ დიდი ობიექტისგან, რომელიც მარსის ზომის იყო და სახელად თეია ერქვა, ბევრი აღარაფერი დარჩა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა.

ჩინელმა, ამერიკელმა და ბრიტანელმა მკვლევრებმა აღმოაჩინეს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც, თეიას ნარჩენები საბოლოოდ მთვარეში მოხვდა. მტკიცებულება ასევე მიუთითებს, რომ თეიას ნარჩენები დედამიწის წიაღშიც დარჩა.

თუ მართლაც ასეა, დიდი შეჯახების ჰიპოთეზამ შეიძლება ამოხსნას საიდუმლო, რომელზეც მეცნიერები უკვე ათ წელიწადზე მეტია, თავს იმტვრევენ — მკვრივი, კონტინენტის ზომის მასალის „ბურთების“ არსებობა დედამიწის მანტიის ქვეშ, 2900 კმ სიღრმეში, ბირთვის გარშემო.

„ჩვენი კვლევის შედეგები ეჭვქვეშ აყენებს ტრადიციულ შეხედულებას, რომლის მიხედვითაც, გიგანტურმა შეჯახებამ დედამიწის ჰომოგენიზაცია გამოიწვია. ამის ნაცვლად, როგორც ჩანს, მთვარის წარმომქმნელი გიგანტური შეჯახება არის ადრეული მანტიის ჰეტეროგენულობის მიზეზი და წარმოადგენს დედამიწის 4,5-მილიარდ წლიანი გეოლოგიური ევოლუციის საწყის წერტილს“, — ამბობს შანხაის ასტრონომიული ობსერვატორიის მკვლევარი ჰონგპინგ დენგი.

ამოზნექილობები, რომლებიც დედამიწის ბირთვს აკრავს გარშემო, დაბალი სიჩქარის დიდი პროვინციების (LLVP) სახელითაა ცნობილი. მათ შესახებ ვიცით სეისმური ტალღების წყალობით, რომლებიც მიწისძვრისას დედამიწის წიაღში გამოივლიან და სხვადასხვა მასალაში სხვადასხვაგვარად გადაადგილდებიან.

სწორედ სეისმური მონაცემების წყალობით შეძლეს მეცნიერებმა LLVP-ების დეტალური რუკების შექმნა: ეს გახლავთ დიდი, მკვრივი რეგიონები ბირთვისა და მანტიის საზღვარზე, ერთი აფრიკის ქვეშ, სხვები კი წყნარი ოკეანის ქვეშ.

შესაბამისად, მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ LLVP-ები გარკვეული სახის შიდა პროცესების შედეგად არის წარმოქმნილი, მაგალითად, ძველი ტექტონიკური ფილების ნარჩენებით, მაღალი ტემპერატურული წერტილებით ან მანტიის ძირში არსებული მაგმის ოკეანით.

თუმცა, ახალი კვლევის ავტორები ფიქრობდნენ, რომ დაბალი სიჩქარის დიდი პროვინციების (LLVP) წარმოქმნაში კიდევ რაღაცას უნდა შეეტანა წვლილი: თეიას.

წინა ციფრული სიმულაციები მიუთითებდა, რომ თეიას უდიდესი ნაწილი მთვარეში მოხვდა და დედამიწის წიაღში მისი მხოლოდ უმცირესი ნაწილები დარჩა. თუმცა, შესაძლოა ასე სულაც არ ყოფილიყო.

თეია

ამიტომ, მკვლევრები რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდნენ, შესაძლებელი იყო თუ არა, რომ თეიას დიდი ნაწილი დედამიწაზე დარჩენილიყო, სადაც ის დღემდე რჩება.

მკვლევრებმა თეიას შეჯახების რამდენიმე კომპიუტერული სიმულაცია ჩაატარეს და დააკვირდნენ, რა ეფექტები ჰქონდა ამას სიმულირებულ დედამიწაზე. მიაგნეს რამდენიმე ნიშანს იმისა, რომ გიგანტურმა დარტყმამ შეიძლება სამუდამო კვალი დატოვა დედამიწის შემადგენლობაზე.

პირველია დედამიწის მანტიის განშრევება (სტრატიფიკაცია). სიმულაციებში, დედამიწისა და თეიას მასალები ზედა მანტიაში შეერია და მაგმის თხევადი ოკეანე წარმოქმნა, მანტიის ქვედა ნაწილი კი მყარი დარჩა და მასში დედამიწის სილიკატური მასალა დომინირებდა. სეისმური მონაცემები მიუთითებს, რომ ეს განშრევება შეიძლება დღემდე არსებობდეს.

მეორეა დაბალი სიჩქარის დიდი პროვინციები (LLVP). ჯგუფმა დაადგინა, რომ თეიას მასალის ნაჭრები, რომელთა სიგანეც ათობით კილომეტრია, შეიძლება ბირთვისა და მანტიის საზღვარზე ჩაიძირა. იქ ისინი აკუმულირდნენ და LLVP-ები წარმოქმნეს.

როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, დედამიწის მასის 2-3 პროცენტი შეიძლება სწორედ თეიასგან მოდიოდეს. სავარაუდოა, რომ LLVP-ების შემადგენელი მასალა დედამიწის მანტიისაზე 2 – 3,5 პროცენტით უფრო მკვრივია და მდიდარია რკინით.

კარგი ამბავია, რადგან ნიშნავს იმას, რომ არსებობს შემოწმების გზა.

„მთვარის წარმომქმნელ სიმულაციათა უმეტესობაში, მთვარის შემადგენელი მასალის უდიდესი ნაწილი შეჯახებული სხეულისაა. ამიტომ, როცა სამომავლო მისიები მთვარის მანტიის ქანების ნიმუშებს აიღებს, შევადარებთ დედამიწის მანტიის ამოზნექილობების შემადგენლობას და ვნახავთ, აქვთ თუ არა მათ ერთნაირი ქიმიური ხელწერა“, — ამბობს კვლევის ავტორი, კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის გეოფიზიკოსი ქიან იუანი.

თუ მართლაც ასეა, ხელში ჩაგვივარდება ახალი ხელსაწყოები ჩვენი პლანეტის ისტორიისა და წარმოქმნის უკეთესად შესასწავლად, ისევე როგორც მთელი მზის სისტემის ისტორიისა და ფორმაციის უკეთ გასაგებად.

ეს კი თავის მხრივ დაგვეხმარება სხვა პლანეტების და მათი სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის შესწავლაში, მთელი გალაქტიკის მასშტაბით.

ირმის ნახტომში ზუსტად დედამიწის მსგავსი პლანეტა ჯერ არ გვიპოვია. გიგანტური შეჯახება შეიძლება ერთ-ერთი მიზეზი იყოს იმისა, რატომ არის დედამიწა ისეთი, როგორიც არის.

„მთვარის წარმომქმნელ უძველეს შეჯახებას ხანგრძლივი ეფექტი უნდა ჰქონოდა დედამიწის მთლიან ევოლუციაზე. ამიტომ, ის შეიძლება ერთი ფუნდამენტური ფაქტორი იყოს იმისა, რატომ განსხვავდება გეოლოგიურად დედამიწა სხვა კლდოვანი პლანეტებისგან“, — ამბობს იუანი.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.