მსოფლიოს კლიმატი უკვე ზღვარზეა და არავინ იცის, რა გზით წავა.
დედამიწის კლიმატის სისტემის ახალი მოდელის მიხედვით, თუკი გლობალური დათბობა პარიზის შეთანხმების მთავარ მიზანს გადააჭარბებს, შეიძლება გამოიწვიოს გარდამტეხ წერტილთა სერია, საიდანაც უკან დაბრუნება ან ძალიან ძნელი იქნება, ან საერთოდ შეუძლებელი.
ჩვენს ამჟამინდელ კლიმატურ ტრაექტორიაზე, 2300 წლისთვის ოთხი გარდამტეხი წერტილიდან ერთის გადალახვის რისკმა შეიძლება 45 პროცენტს მიაღწიოს.
შარშან, პირველად აღრიცხულთა შორის, წელიწადის 365-ვე დღის საშუალო ტემპერატურა 1°C-ით აღემატებოდა ინდუსტრიამდელი პერიოდის მაჩვენებელს, რასაც პლანეტა ძლიერ ახლოს მიჰყავს პარიზის შეთანხმების ზღვრის გადალახვასთან — ამ შეთანხმების მიზანია, რომ არ დავუშვათ, გლობალურმა საშუალო ტემპერატურამ ინდუსტრიამდელი პერიოდის მაჩვენებელს 1,5 °C-ზე მეტით გადააჭარბოს.
ზოგიერთი ექსპერტის აზრით, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ეს მიზანი გააცამტვეროს. ზოგი კი ამტკიცებს, რომ ეს მიზანი რამდენიმე წლის წინ უკვე მოვსპეთ.
ახალი კვლევა გერმანიის პოტსდამის უნივერსიტეტის კლიმატურმა მეცნიერებმა, ტესა მოლერმა და ანიკა ერნესტ ჰოგნერმა ჩაატარეს.
კვლევაში შეისწავლეს „უკან არდაბრუნების“ ოთხი შესაძლო წერტილი — როდესაც კლიმატის სისტემის ნაწილები მიაღწევს კრიტიკულ ზღვარს, რაც კლიმატის კიდევ უფრო სწრაფ და მწვავე ცვლილებას განაპირობებს.
მათ შორის არის ატლანტის ოკეანის ძირითადი დინების სისტემის, ამაზონის ტროპიკული ტყის, გრენლანდიის ყინულის საფარისა და დასავლეთ ანტარქტიკის ყინულის საფარის კოლაფსი.
ცოტა ხსნის წინ, ექსპერტები გვაფრთხილებდნენ, რომ ატლანტის ოკეანის დინების სისტემა 2050 წლისთვის შეიძლება მოიშალოს.
ამას გარდა, გრენლანდიის დნობადი ყინულის საფარი საოცრად ახლოს არის უკან არდაბრუნების წერტილთან — თუ უკვე არ გადალახა კიდეც.
კლიმატის სისტემების კატასტროფული გზით შეცვლა შეუძლია ბიოსფერულ სისტემებსაც, მაგალითად, ამაზონის წვიმის ტყეს. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ეს ტყე უკვე იმაზე მეტ ნახშირბადს გამოყოფს, ვიდრე შთანთქავს, რითაც წვლილი შეაქვს გლობალურ დათბობაში მისი შემსუბუქების ნაცვლად.
ალბათობა, რომ მხოლოდ ერთ-ერთი ზღვარი გადაილახოს, „გარდამტეხი რისკის“ სახელით არის ცნობილი.
„დავადგინეთ, რომ 2300 წლისთვის გარდამტეხი რისკი 1.5 °C-ზე ზემოთ ყოველი დამატებითი 0,1°C-ით გადაჭარბებისას იზრდება და ძლიერ აჩქარებს პიკურ დათბობას 2.0 °C-ით და მეტით“, — წერენ ავტორები.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პროექციები ძლიერ შორეული მომავლისთვისაა, ჩვენს კურსს მაინც ის განსაზღვრავს, რასაც ახლა ვაკეთებთ. კვლევის შედეგები ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია პარიზის შეთანხმების დაცვა და დათბობის 2 °C-ზე ქვემოთ მოქცევა იმ შემთხვევაში, თუ 1.5 °C-იან სამიზნე ზღვარს მაინც გადავლახავთ.
თუკი გლობალური საშუალო ტემპერატურის მატება 1.5 °C-იან ზღვარს გადალახავს, თუნდაც დროებით, ის შეიძლება უკან აღარ დაბრუნდეს.
დომინოს მსგავსად, ერთი გარდამტეხი წერტილის წაქცევამ შეიძლება სხვებიც წააქციოს და უცნობია, შესაძლებელია თუ არა ინდივიდუალური ზღვრების უკუქცევა ან შენელება.
კონცეპტუალური მოდელის გამოყენებით, რომელიც მხედველობაში იღებს ამ კომპლექსურობას, მოლერმა, ჰოგნერმა და მათმა ჯგუფმა შეაფასეს გარდამტეხი რისკის საფრთხე მოკლევადიან პერსპექტივაში (2100 წლისთვის), საშუალოვადიან (2300 წლამდე) და გრძელვადიან (50 000 წლის შემდეგ) პერსპექტივაში.
მოდელები აჩვენებს, რომ მსოფლიოს დათბობის ამჟამინდელი მაჩვენებლით, 2300 წლისთვის გარდამტეხმა რისკმა შეიძლება 45 პროცენტს მიაღწიოს და გრძელვადიან პერსპექტივაში 76 პროცენტამდე გაიზარდოს.
და ეს მხოლოდ ოთხი გარდამტეხი წერტილის გათვალისწინებით.
მართალია, ავტორები აღიარებენ, რომ ამჟამინდელ კლიმატის მოდელებში არსებობს „მნიშვნელოვანი გაურკვევლობა“, მაინც გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ მეცნიერებმა არ შეწყვიტონ მცდელობა, გააკეთონ პროგნოზები იმის შესახებ, რა მოხდება, თუკი მსოფლიო კლიმატურ მიზანთა ზღვრებს გადალახავს.
„გადახრის გარდამავალი ბუნება შეიძლება გვთავაზობდეს შესაძლებლობათა ფანჯარას ანთროპოგენურ ემისიებთან საბრძოლველად, სწრაფი ინტერვენციებითა და ყინულის საფარის სტაბილიზებით იქამდე, ვიდრე გარდამტეხი წერტილი დადგება“, — განმარტავენ მკვლევრები.
მათი განცხადებით, თუკი 2100 წლისთვის სათბური აირების ნულოვან ემისიას მივაღწევთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გარდამტეხი რისკის მინიმუმამდე შემცირებისთვის.
ჩვენი პლანეტის კლიმატური სტაბილურობა აშკარად საფრთხეშია.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.