დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,2%-ის დაცვით, შეიძლება, თავიდან ავიცილოთ მასობრივი გადაშენება — #1tvმეცნიერება
დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,2%-ის დაცვით, შეიძლება, თავიდან ავიცილოთ მასობრივი გადაშენება — #1tvმეცნიერება

ადამიანები სიცოცხლის ხეს მთლიანად ამახინჯებენ, ერთმანეთის მიყოლებით აჭრიან მთლიან ტოტებს, თანაც ისე სწრაფად, როგორც არასოდეს განუცდია აქამდე ჩვენს პლანეტას.

თუმცა, ყველა იმედი დაკარგული არა არის.

იმისათვის, რათა მცენარეებისა და ცხოველების მრავალფეროვნება ამჟამად მიმდინარე მასობრივი გადაშენებისგან დავიცვათ, 2022 წლის ბოლოს, გაერო-მ შეიმუშავა ნამდვილად ისტორიული „მშვიდობის პაქტი ბუნებასთან“, რომელშიც ქვეყნები პირობას დებენ, რომ 2030 წლისთვის, პლანეტის 30 პროცენტს დაცულ ზონებად გადააქცევენ.

სამწუხაროდ, მსოფლიო ჯერ კიდევ შორსაა ამ მიზნისგან, მაგრამ ახალი, იმედისმომცემი კვლევის თანახმად, მომავალ კრიტიკულ წლებში ფოკუსირება ნაკლებად უნდა მოვახდინოთ ბუნების ამ ნაკრძალთა ზომაზე და უფრო მეტად იმაზე, თუ რამდენ სიცოცხლეს შეიცავს ეს ნაკრძალები.

20-ზე მეტი ორგანიზაციის მკვლევრებმა მთელი მსოფლიოდან დაადგინეს, რომ თუკი დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,2 პროცენტს დავტოვებთ „მარტოს“, შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ გარდაუვალი გადაშენებები, რომლებიც ჰორიზონტზე უკვე მოჩანს.

„დედამიწაზე სახეობათა უმეტესობა იშვიათია, რაც იმას ნიშნავს, რომ სახეობებს ან ძალიან ვიწრო დიაპაზონი აქვთ, ან ძლიერ დაბალი სიმჭიდროვე, ან ორივე ერთად. და იშვიათობა ძალიან კონცენტრირებულია“, — ამბობს კვლევის ავტორი, კონსერვაციული ბიოლოგი ერიკ დინერშტაინი.

ამაში გაგვიმართლა, რადგან თუ კონსერვაციის ძალისხმევის კონცენტრაციას მოვახდენთ, ერთი გასროლით რამდენიმე კურდღელს მოვკლავთ.

თუმცა, მოქმედების შესაძლებლობის ფანჯარა სადაცაა დაიხურება და სწორედ ახლა, კონსერვაციის ძალისხმევა არაა ისეთი სტრატეგიული, როგორიც უნდა იყოს, ამბობენ დინერშტაინი და მისი კოლეგები.

2018-2023 წლებში, მსოფლიო გაერთიანდა 1,2 მილიონი კვადრატული კილომეტრის ხმელეთის დასაცავად, მაგრამ ახალი ანალიზების მიხედვით, ამ დაცულ ტერიტორიებში მხოლოდ შვიდი პროცენტია ისეთი „შეუცვლელი ადგილები, სადაც იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები ბინადრობენ“.

იმისათვის, რათა კონსერვაციის ძალისხმევა რაც შეიძლება ხელმისაწვდომი და მიღწევადი გახდეს, დინერშტაინი და მისი კოლეგები ირწმუნებიან, რომ სწორედ ეს მიწები მოითხოვს ყველაზე დიდ ყურადღებას და შედეგად, ისინი „კონსერვაციის იმპერატივებად“ უნდა მოინიშნოს.

გამოქვეყნებული გლობალური ბიომრავალფეროვნების მონაცემთა გამოყენებით, მკვლევართა საერთაშორისო ჯგუფმა განსაზღვრა, სად ბინადრობენ პლანეტა დედამიწაზე ყველაზე მეტად საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობები. ჯგუფში შედიოდნენ მკვლევრები აშშ-დან, ბრიტანეთიდან, ჩინეთიდან, საუდის არაბეთიდან, ინდოეთიდან, ბრაზილიიდან, ინდონეზიიდან და მრავალი სხვა ქვეყნიდან.

მკვლევრებმა ხმელეთზე გამოავლინეს 16 ათასზე მეტი დაუცველი ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბევრია, საერთო ჯამში, ეს ადგილები დედამიწის ხმელეთის მხოლოდ 1,2 პროცენტს შეადგენს.

მათი ნახევარი ტროპიკებში მდებარეობს და მრავალი მათგანი უკვე არსებულ ბუნების ნაკრძალებთან ახლოსაა.

„კლიმატის კრიზისის აღმოსაფხვრელად მიმართულმა ძალისხმევამ და ინვესტირებამ დაჩრდილა მთავრობათა და მთავრობათაშორისი პროცესების ყურადღება ბიომრავალფეროვნების კრიზისისადმი“, — წერენ მკვლევრები.

დღეისათვის, ჰაბიტატის დაკარგვა პრობლემას წარმოადგენს საფრთხის ქვეშ მყოფ სახეობათა დაახლოებით 88 პროცენტისათვის.

2018-2023 წლებში დაცული ხმელეთიდან მხოლოდ 2,4 პროცენტი მდებარეობს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ტყეებში, თუნდაც იმ ფაქტის მიუხედავად, რომ როგორც დადგინდა, სწორედ ამ ჰაბიტატებშია კონსერვაციულ იმპერატივთა ყველაზე დიდი რაოდენობა.

შედარებისათვის, ახლად დაცულ ზონათა თითქმის 70 პროცენტი მოიცავს ზომიერ ფართოფოთლოვან და შერეულ ტყეთა ჰაბიტატებს, რომლებშიც არ არის ბევრი კონსერვაციის იმპერატივი.

„ჩვენი ანალიზების შეფასებით, ტროპიკებში კონსერვაციულ იმპერატივთა დაცვა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, წელიწადში დაახლოებით 34 მილიარდი დოლარი დაჯდება. ეს აშშ-ის მთლიან შიდა პროდუქტის 0,2 პროცენტზე ნაკლებია, წიაღისეული საწვავის გლობალურ ინდუსტრიაში განხორციელებული წლიური სუბსიდიების 9 პროცენტზე ნაკლები და სამთო მოპოვებისა და სატყეო ინდუსტრიების ყოველწლიური შემოსავლების მხოლოდ უმცირესი ნაწილი“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, გარემოსდაცვითი მეცნიერი ანდი ლი.

ამ მომენტისთვის, დეგრადირებულ ჰაბიტატთა აღდგენა ძალიან დიდ დროს წაიღებს, რათა ჩვენი პლანეტის ყველაზე დაზარალებულ სახეობათა გადარჩენა მოხერხდეს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ის ველური ბუნება, რაც ჯერ კიდევ დარჩა.

ზოგიერთი შედარებით მკაცრი შეფასების მიხედვით, სრულად ხელუხლებლად დღეს მსოფლიოში დარჩენილია დედამიწის ხმელეთის ეკოსისტემების მხოლოდ დაახლოებით 2,8 პროცენტი.

2021 წელს, ამ ზონების მხოლოდ 11 პროცენტი შევიდა დაცულ ზონებში. დასაწყისისთვის ნამდვილად კარგია.

კვლევა Frontiers in Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.