პერმულ-ტრიასული გადაშენების მოვლენა, რომელიც დაახლოებით 252 მილიონი წლის წინ მოხდა, დიდი კვდომის სახელით არის ცნობილი, რადგან მან თითქმის მთლიანად მოსპო და დაასრულა სიცოცხლე დედამიწაზე. ის ყველაზე სასტიკი გადაშენებაა დედამიწის ისტორიაში.
თუმცა, სიცოცხლე მაინც აღდგა. ახალი კვლევის მიხედვით, ჭიაყელები და კრევეტები, ცხოველები, რომლებიც ზღვის ფსკერზე დალექილი ორგანული მასალით იკვებებიან, დიდი კვდომის შემდეგ პირველები დაბრუნდნენ, პოპულაციის რაოდენობისა და მრავალფეროვნების თვალსაზრისით.
გაცილებით, გვიან მოჰყვნენ ფილტრატორები ორგანიზმები, რომლებიც წყალში არსებული ორგანული მასალის ფილტრაციის მეთოდით იკვებებიან. ამაზე მიუთითებს სამხრეთ ჩინეთის ზღვის ფსკერზე არსებული ნაკვალევისა და სოროების დეტალური დათარიღება. ამ ანალიზებმა გამოავლინა დიდი ოდენობით იქნოფოსილი, ანუ განმარხებული კვალი, ცხოველთა მოქმედების ნაშთები და არა მათი ნამდვილი ნარჩენები.
„შევისწავლეთ განმარხებული კვალი 26 სხვადასხვა სექციაში, რომლებიც მოვლენათა მთელი სერიების განმავლობაში, 7 მილიონი წლის მანძილზეა დატოვებული. 400 ნიმუშის დეტალების შესწავლისას, აღვადგინეთ ოკეანის ყველა ცხოველის აღდგენის ეტაპები, მათ შორის ბენთოსების, ნექტონების, რბილსხეულიანი სოროს მთხრელი ცხოველების“, — ამბობს ბრისტოლის უნივერსიტეტის პალეონტოლოგი მაიკლ ბენტონი.
რბილსხეულიანი ცხოველებისგან რაიმე სახის ჩონჩხი არ რჩება და შესაბამისად, განმარხებული კვალი გადამწყვეტია იმის გასარკვევად, როგორ ცხოვრობდნენ ეს ქმნილებები. მკვლევართა ჯგუფმა საკუთარ კვლევაში ასევე შეძლო სხეულის ნამარხების ჩართვა, რათა დაედგინათ, როგორ დაიწყეს სხვა ცხოველებმა აღდგენა მას შემდეგ, რაც ფილტრატორმა ორგანიზმებმა თავი უკვე დაიმკვიდრეს.
„დედამიწაზე სიცოცხლისთვის ასე გამანადგურებელი პერმული პერიოდის მიწურულის კრიზისი, გლობალური დათბობით და ოკეანის დამჟავებით იყო გამოწვეული, მაგრამ მცოცავი რბილსხეულიანი ცხოველები შეიძლება გარემოს წინააღმდეგ იმ გზით წავიდნენ, რაც ჩონჩხიანმა ორგანიზმებმა ვერ შეძლეს“, — ამბობს ჩინეთის დედამიწის მეცნიერებათა უნივერსიტეტის პალეონტოლოგი სეკიან ფენგი.
განმარხებული კვალის შესახებ მათ მიერ შეგროვებულმა მონაცემებმა ცხადყო რბილსხეულიან ცხოველთა მდგრადობა CO2-ის მაღალი დონისა და დათბობისადმი. მისი განცხადებით ეკოსისტემის ამ ინჟინრებმა შეიძლება მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს სასტიკი მასობრივი გადაშენების შემდეგ ბენთოსების (ზღვის ფსკერზე ბინადარი ორგანიზმები) ეკოსისტემის აღდგენაში; მაგალითად, გამოიწვიეს ევოლუციური ინოვაციები.
აღდგენის შესწავლისას, ჯგუფმა განიხილა ოთხი სხვადასხვა საზომი: მრავალფეროვნება (ცხოველთა სხვადასხვა ტიპები), უთანასწორობა (რამდენად მრავალფეროვანი იყო ეს სხვადასხვა ტიპები), როგორ იყენებდნენ სივრცეს (ეკოსივრცის გამოყენება) და როგორ შეცვალეს ჰაბიტატები ცხოველებმა (ეკოსისტემის ინჟინერია).
პირველად სიცოცხლემ დაბრუნება ყველაზე ღრმა წყლებში დაიწყო. მას შემდეგ, რაც დეტრიტოფაგები (ორგანიზმები, რომლებიც მკვდარი ორგანული ნივთიერებებით იკვებებიან) დიდწილად აღდგნენ — გაცილებით გვიან, მაგრამ მათ მოჰყვნენ, მაგალითად, მხარფეხიანები, ბრიოზოები (ხავსცხოველები) და ორსაგდულიანი მოლუსკები.
კიდევ უფრო გვიან დაბრუნება დაიწყეს მარჯნის პოლიპებმა. გადაშენებამდე არსებულ დონემდე აღდგენისთვის, დანალექების ბინადარ რბილსხეულიან არსებებს დაახლოებით 3 მილიონი წელი დასჭირდათ.
„შეიძლება, დეტრიტოფაგებმა ზღვის ფსკერზე ისეთი ქაოსი შექმნეს, რომ წყალი ტალახით დაბინძურდა, ადღვებილი ტალახი იმას ნიშნავდა, რომ ფილტრატორ ორგანიზმებს ზღვის ფსკერზე დასახლება არ უნდა შესძლებოდათ, ტალახიან წყალს მათი საფილტრი სტრუქტურები უნდა დაეხშო და შესაბამისად, შეეზღუდა ეფექტიანად კვება“, — ამბობს სამხრეთ კალიფორნიის მკვლევარი ელისონ კრიბი.
პერმულ-ტრიასულმა გადაშენებამ დედამიწაზე წყალში არსებული სიცოცხლის 80-90 პროცენტი მოსპო; შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ აღდგენას ამდენი ხანი დასჭირდა. სხეულის ნამარხებისთვის განმარხებული ნაკვალევის დამატებით, მეცნიერებს შეუძლიათ მიიღონ უფრო სრული სურათი იმის შესახებ, რა მოხდა შემდეგ.
ამ მასობრივი გადაშენების ძირითად მიზეზებად მიიჩნევა კლიმატის ცვლილება, გლობალური დათბობა, ჟანგბადის დონის შემცირება და ოკეანის მჟავიანობის ზრდა; შესაბამისად, ამ კვლევის ფარგლებში გაკეთებულმა აღმოჩენებმა შეიძლება უფრო მეტი გვასწავლოს იმის შესახებ, თუ რა ხდება თანამედროვე ეპოქაში.
იმის გაგებით, როგორ გადაურჩნენ გარკვეული ცხოველები დიდ კვდომას და აღდგნენ კიდეც, უკეთესად დავადგენთ, როგორ შეიძლება გადაურჩნენ ეს ქმნილებები ამჟამად მიმდინარე დათბობას და რომელი სახეობები შეიძლება აღმოჩნდნენ ყველაზე გამძლეები.
კვლევა Science Advances-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია bristol.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.