დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე მშრალ უდაბნოში მოულოდნელად უზარმაზარი ტბა გაჩნდა
სიკვდილის ველი ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალი და ცხელი ადგილია. წვიმა და მით უმეტეს ტბა, იქ საერთოდ წარმოუდგენელია.
თუმცა, სწორედ ეს მოხდა ცოტა ხნის წინ, როცა სამხრეთ კალიფორნიას ძლიერმა შტორმმა გადაუარა.
შტორმის შემდეგ, ფოტოგრაფი ელიოტ მაკგაკენი ამ უდაბნოში ფოტოების გადასაღებად წავიდა. იგი წყალდიდობის კვალს ეძებდა, როცა უცბად, რაღაც წარმოუდგენელს წააწყდა — მის წინაშე უზარმაზარი ტბა გადაიჭიმა.
„სიურრეალისტური განცდაა, როცა ამდენ წყალს ხედავ მსოფლიოს ერთ-ერთ უმშრალეს ადგილას“, — ამბობს ფოტოგრაფი.
16 კმ სიგრძის ტბა დროებითია. მის ფონზე კარგად მოჩანს პანამინტის ქედი. ფოტოები მაკგაკენმა „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.
ასეთ წარმოუდგენლად მშრალ, არიდულ ადგილას ტბის წარმოსაქმნელად ბევრი წყალი სულაც არ არის საჭირო.
„იმის გამო, რომ უდაბნოს გარემო მზად არ არის წყლის შესაწოვად, სიკვდილის ველზე დატბორვის გამოწვევა საშუალო წვიმასაც კი შეუძლია“, — განმარტავს weather.com-ის მეტეოროლოგი კრის დოლჩე.
სიკვდილის ველი აღმოსავლეთ კალიფორნიაში მდებარეობს. ზაფხულობით ის მთელი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია.
1972 წელს, იქ დაფიქსირდა დედამიწის ზედაპირის უმაღლესი ბუნებრივი ტემპერატურა — 93,9 გრადუსი ცელსიუსი. გარდა ამისა, ბოლო ორი წლის განმავლობაში, სიკვდილის ველზე დაფიქსირდა ყველაზე ცხელი თვე პლანეტაზე, იმ მონაცემებს შორის, რომლებიც კაცობრიობას გააჩნია.
სიკვდილის ველზე ნალექების საშუალო წლიური მაჩვენებელი სულ რაღაც 60 მილიმეტრია და შესაბამისად, წარმოადგენს ჩრდილოეთ ამერიკის ყველაზე მშრალ ადგილს.
თუმცა, ასეთი მცირე ნალექის შემთხვევაშიც კი, სიკვდილის ველი ისეთი თვალწარმტაცი ადგილი ხდება, როგორსაც ფოტოზე ხედავთ.
weather.com-ის მიხედვით, 5-6 მარტს სიკვდილის ველზე 0,87 მმ ნალექი მოვიდა, მარტის საშუალო მაჩვენებელზე თითქმის სამჯერ მეტი.
მომზადებულია weather.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.