დედამიწაზე პატარა ტბების რაოდენობა იზრდება, რაც პლანეტისთვის სერიოზული პრობლემაა — #1tvმეცნიერება
ახალი კვლევის მიხედვით, გასული ოთხი ათწლეულის განმავლობაში, პატარა ტბების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც საკმაოდ შემაშფოთებელი ამბავია, თუ გავითვალისწინებთ, რა ოდენობის სათბურის აირებს გამოყოფენ მტკნარი წყლის რეზერვუარები.
მკვლევართა განცხადებით, 1984-დან 2019 წლამდე, ტბების ზედაპირის გლობალური ზომა 46 000 კვადრატული კილომეტრით გაიზარდა. ეს მაჩვენებელი ოდნავ მეტია დანიის ფართობზე.
ტბებში გამუდმებით წარმოიქმნება ნახშირორჟანგი, მეთანი, აზოტის ოქსიდი და სხვა აირები, რადგან წყლის ფსკერზე იკვებებიან ბაქტერიები და სხვა სოკოები, რომლებიც ტბის ფსკერზე ჩაძირულ მკვდარ მცენარეებსა და ცხოველებს შეექცევიან.
საერთო ჯამში, ტბების ასეთი გაფართოება ნიშნავს ნახშირბადის გამოყოფის წელიწადში 4,8 ტეტრაგრამით (ტრილიონი გრამი) ზრდას, რაც 2012 წელს მთლიანი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი CO2-ის ტოლია.
„ბოლო ათწლეულებში ტბებს დიდი და სწრაფი ცვლილებები შეეხო, რაც გავლენას ახდენს სათბური აირების რაოდენობაზე, ეკოსისტემებსა და წყლის რესურსებთან წვდომაზე“, — ამბობს კოპენჰაგენის უნივერსიტეტის ეკოლოგი ჯინგ ტანგი.
მისი განცხადებით, ეს ახალი ცოდნა ტბების განვრცობისა და დინამიკის შესახებ, მათ მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ოდენობის უკეთ დათვლის საშუალებას გვაძლევს.
ტბების გლობალური საფარის შესაფასებლად, მათ თანამგზავრული ფოტოებისა და ღრმა დასწავლის ალგორითმების კომბინაცია გამოიყენეს. მონაცემებში შეიყვანეს ჯამში 3,4 მილიონი ტბა.
პატარა ტბები (ერთ კვადრატულ კილომეტრზე ნაკლები) სათბურის აირების გამოთვლაში ზედმეტად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ზომასთან შედარებით დიდი ოდენობით ასეთ აირებს გამოყოფენ.
ამ მცირე წყალსატევებს ტბების საერთო ფართობში მხოლოდ 15 პროცენტი უჭირავს, მაგრამ სწორედ მათზე მოდის 1984 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ნახშირორჟანგის გამოყოფის ზრდის 45 პროცენტი და მეთანის ზრდის 59 პროცენტი.
„პატარა ტბები ძალზედ არაპროპორციული რაოდენობის სათბურის აირებს გამოყოფენ, რადგან როგორც წესში, მათში უფრო მეტად არის აკუმულირებული ორგანული მასალა, რომელიც აირებად გარდაიქმნება. კიდევ ერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი თავთხელებია და აირებს ზედაპირზე ამოსვლა და ატმოსფეროში შესვლა ადვილად შეუძლიათ“, — აღნიშნავს ტანგი.
მისი განცხადებით, ამავე დროს, პატარა ტბები კლიმატისა და ამინდის ცვლილების მიმართ უფრო მგრძნობიარეა, ისევე, როგორც ადამიანთა განსახლების მიმართ. შედეგად, მათი ზომები და წყლის ქიმია დიდად მერყეობს. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია მათი გამოვლენა და რუკაზე დატანა, ეს საქმე მეტად რთულიც არის. „საბედნიეროდ, ჩვენ ეს შევძელით“, — ამბობს ტანგი.
მკვლევართა განცხადებით, კვლევის პერიოდში გაზრდილი ტბების საფარის ნახევარზე მეტის მიზეზი ადამიანის საქმიანობაა. ძირითადად, ესენი გახლავთ ახლად შექმნილი რეზერვუარები. დანარჩენის მიზეზი ძირითადად არის მყინვარებისა და გაყინული ნიადაგების დნობა, რასაც პლანეტის გათბობა იწვევს.
მკვლევრებს იმედი აქვთ, რომ მათ მიერ შეგროვებული მონაცემები გამოსადეგი იქნება მომავალი კლიმატის მოდელებისთვის.
კვლევა Nature Communications-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.ku.dk-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.