წყლის გამო, დედამიწა მზის სისტემის ყველაზე ცისფერი პლანეტაა, მაგრამ დაზუსტებით ჯერ კიდევ არავინ იცის, საიდან მოხვდა ჩვენს პლანეტაზე მთელი ეს წყალი.
ახლომდებარე ასტეროიდის მტვერი ახლა ერთ პოტენციურ, გამორჩენილ წყაროზე მიუთითებს: მზეზე.
როგორც ჩანს, მილიარდობით წლის წინ, ჩვენს პლანეტაზე წყლის გარკვეული ნაწილი დამუხტულ ნაწილაკთა მდინარემ წარმოქმნა, რომელიც ატმოსფეროს ზედა ნაწილიდან ურტყამდა.
როდესაც მზის ქარი გარკვეულ ასტეროიდებზე არსებულ მტვრის ციცქნა ნაწილაკებთან ურთიერთქმედებს, შეუძლია წარმოქმნას მცირე რაოდენობით წყალი; სწორედ ასე შეიძლება აიხსნას დედამიწაზე არსებული თხევადი წყლის გარკვეული ნაწილის წარმომავლობა.
თანამედროვე მოდელთა უმეტესობა მიუთითებს, რომ დედამიწაზე არსებული H20-ს უდიდესი ნაწილი თავდაპირველად არამიწიერი წყაროებიდან მოვიდა, შესაძლოა, იუპიტერი-სატურნის რეგიონისა და იმის იქითა C-ტიპის ასტეროიდებიდან.
მიჩნეულია, რომ ეს შორეული ასტეროიდები იმ ნახშირბადოვანი ქონდრიტული მეტეორიტების მშობელი სხეულებია, რომლებიც რეგულარულად ცვივა დედამიწაზე; ასევე ცნობილია, რომ ეს განსაკუთრებული ტიპის მეტეორიტები მნიშვნელოვანი ოდენობით შეიცავს წყლისშემცველ მინერალებს.
სავარაუდოდ, ნახშირბადოვანი ქონდრიტები დედამიწაზე წყლის თავდაპირველად მოხვედრის ერთადერთი გზა არ არის. იგივე შეიძლება გააკეთა წყლით მდიდარმა სხვა ტიპის მეტეორიტებმა, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ნახშირბადოვანი ქონდრიტები დედამიწის წყლის მთლიან ბიუჯეტს ვერ შეავსებდა.
არსებობს სხვა ტიპის ქონდრიტი ასტეროიდებიც, რომლებსაც ასევე შეიძლება ჰქონდეს წყლის ნაწილაკები, თუმცა მცირე მოცულობით. მაგალითად, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი, სახელად იტოკავა, ჩვეულებრივი ქონდრიტი ასტეროიდია; მისი სილიკატებით მდიდარი ქანებიდან 2010 წელს აღებულ ნიმუშთა ანალიზი წყალზე მიუთითებს, რომლის წყაროც შეიძლება მზე იყოს.
მზის ქარით დასხივება წარსულშიც მიიჩნეოდა სილიკატური მინერალებით მდიდარ ასტეროიდებზე წყლის წარმოქმნის შესაძლო გზად.
ლაბორატორიაში, აქროლადი წყალბადის იონებმა სილიკატ მინერალებთან ურთიერთქმედება აჩვენა, რასაც ქვეპროდუქტად წყლის წარმოქმნა მოჰყვა; ელექტრონული მიკროსკოპიითა და ელექტრონული სპექტროსკოპიით ჩატარებულმა კვლევებმა კი წარსულში უკვე აჩვენა არამიწიერ მტვრის ნაწილაკებში H20-ს პირდაპირი მტკიცებულება.
თეორიულად, თუ მტვრის ამ ნაწილაკებში წყალი ჩაიჭედება, ელემენტი კოსმოსური გამოფიტვისგან დაცული იქნება და შემდეგ, კოსმოსში სხვა სხეულზე მოხვდება მეტეორიტების გზით.
„შეიძლება სწორედ ამ ფენომენმა ახსნას ის, თუ რატომ შეიცავს უჰაერო სხეულთა რეგოლითები გარკვეული ოდენობის წყალს, მაგალითად, მთვარეზე; წარსულში ეს რეგოლითები უწყლოდ მიიჩნეოდა“, — წერენ კვლევის ავტორები.
ამ ჰიპოთეზის უფრო მეტად და ოდნავ განსხვავებული გზით შესამოწმებლად, მკვლევრებმა S-ტიპის ასტეროიდ იტოკავას მიმართეს, რათა ენახათ, შეიცავდა თუ არა ეს ობიექტი მზის ქარის მსგავს იზოტოპების „აქროლადთა რეზერვუარს“.
დედამიწაზე არსებული წყლის იზოტოპების უმეტესობა ნახშირბადოვან ქონდრიტებს ემთხვევა, მაგრამ მცირე რაოდენობა არა; შესაბამისად, შესაძლო წყაროდ მიიჩნეოდა მზე ან მზის ნისლეული.
ატომ-ატომ ჩატარებული საგულდაგულო ანალიზით, რასაც ატომის კვლევის ტომოგრაფია ეწოდება, მეცნიერებმა ასტეროიდ იტოკავადან აღებულ მტვრის ნიმუშში წყლის ოდენობა განსაზღვრეს. ამ ასტეროიდის ნიმუშები იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ხომალდმა დედამიწაზე 2011 წელს ჩამოიტანა.
ყველა ამ ნაწილაკის, მათ შორის მზისგან დამალული ნაწილის შესწავლით, მკვლევრებმა ჰიდროქსიდსა და წყალს მიაგნეს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მზის წყალბადის ატომები ასტეროიდის ქვაში „გადაინერგა“ და წყალი შეინახა იქ, სადაც მას შეხება არ შეეძლო.
სიღრმე, რომელშიც სიცოცხლის მომცემი ელემენტები იპოვეს, ზუსტად ის იყო, რასაც მეცნიერები ელოდნენ სილიკატ მინერალებში შეღწეული წყალბადის იონებისგან.
„ჩვენი კვლევა მიუთითებს, რომ მზის ქარმა მტვრის ციცქნა ნაწილაკთა ზედაპირზე წყალი წარმოქმნა და სავარაუდოდ, ამ იზოტოპურად მსუბუქ წყალზე მოდის დედამიწის დანარჩენი წყლის მარაგი“, — ამბობს ავსტრალიის კურტინის უნივერსიტეტის პლანეტური მეცნიერი ფილ ბლანდი.
მას შემდეგ, რაც მტვრის ამ ციცქნა ნაწილაკებში ნაპოვნი წყლის რაოდენობა შეაფასეს, ჯგუფი ვარაუდობს, რომ S-ტიპის ასტეროიდის ქანების ყოველ კუბურ მეტრს 20 ლიტრი წყლის შეკავება შეუძლია.
ეს აღმოჩენა კი მიუთითებს, რომ კოსმოსში არსებული იზოლირებული მტვრის მარცვლები, შეიძლება მზის სისტემაში წყლის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენდეს — რომელთაგანაც მომავალში შეიძლება წყალიც შევაგროვოთ.
„ჩვენი კვლევა აჩვენებს, რომ ის პროცესი, რომელმაც იტოკავაზე წყალი წარმოქმნა, სავარაუდოდ სხვა უჰაერო პლანეტებზეც მოხდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტრონავტებს წყლის მოპოვება პირდაპირ პლანეტის ზედაპირის მტვრისგან შეეძლებათ, მათ შორის მთვარეზეც“, — წერენ მკვლევრები.
კვლევა Nature Astronomy-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.