დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ კანის კინოფესტივალის ოფიციალურ სექციაში დასახელდა
კანის კინოფესტივალის მთავარ სექციაში დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანი ფილმი „დასაწყისი“ დასახელდა. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც დეა კულუმბეგაშვილის ფილმი კანის კინოფესტივალზე ხვდება. 2014 წელს რეჟისორის სადებიუტო ნამუშევარი „უხილავი სივრცეები“ წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო პროგრამაში, 2016 წელს კი დეა კულუმბეგაშვილის კიდევ ერთი მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ლეთა“ აჩვენეს სექციაში „რეჟისორთა ორკვირეული“.
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალი არ ჩატარდება ტრადიციული ფორმით, არც ერთი სექცია იქნება საკონკურსო. ოფიციალურ სექციაში მოხვედრილი ფილმები გადანაწილდებიან ტორონტოს, სან-სებასტიანის, ნიუ იორკის, ვენეციის, ბუსანისა და ლუმიერის კინოფესტივალებზე. ჯერ უცნობია, რომელი კინოფესტივალის ფარგლებში შედგება ფილმ „დასაწყისის“ მსოფლიო პრემიერა. მთელ ამ პროცესს კანის კინოფესტივალის დირექტორი ტიერი ფრემო ასე უწოდებს – „კანი კედლებს მიღმა“.
ფილმი იეჰოვას მოწმეთა თემის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც მძინარე პროვინციულ ქალაქში თავს დაესხმება ექსტრემისტული დაჯგუფება. იანა იეჰოვას მოწმეთა ლიდერის მეუღლეა. მისი ნაცნობი სამყარო ამ კონფლიქტის შუაგულში ნელ-ნელა ინგრევა. იანას შინაგანი უკმაყოფილება იზრდება მას შემდეგ, რაც იგი საკუთარის სურვილების გაანალიზებას იწყებს.