ნიდერლანდებში უმსხვილესი ყოველდღიური გაზეთის De Telegraaf-ის ოფისში ფურგონი შევარდა და ცეცხლი წაეკიდა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ფაქტი განზრახ ჩაიდინეს. გამოცემის ცნობით, ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 04:00 საათზე მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი თეთრი ფურგონი ამსტერდამში მდებარე შენობის შუშის ფასადს შეეჯახა, რის შედეგადაც მანქანას ცეცხლი მოედო.
მეხანძრეებმა ცეცხლი მალევე ჩააქრეს. გამოცემის ოფისში ჩამტვრეულია მინები, მიმდინარეობს ზარალის შეფასება. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში რედაქციის თანამშრომლები არ იმყოფებოდნენ და მხოლოდ დაცვის წევრები იყვნენ.
გამოცემის მთავარმა რედაქტორმა პაულ იანსენმა ინციდენტს შოკისმომგვრელი უწოდა.
„ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა“, – განაცხადა რედაქტორმა.
პოლიცია ფურგონის მძღოლს ეძებს.