დაზვერვის სამსახურის უფროსი - მზად ვარ, გავასაჯაროო დოკუმენტაცია, რომელიც სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების გამჭვირვალობას ადასტურებს
საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი, დავით სუჯაშვილი „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მისი სახლის მშენებლობას ეხებოდა.
როგორც სუჯაშვილი სოციალურ ქსელში წერს, მზად არის, გაასაჯაროოს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც მისივე თქმით, ადასტურებს სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების გამჭვირვალობას.
„მსურს გამოვეხმაურო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩემი სახლის მშენებლობას ეხებოდა. მზად ვარ, გავასაჯაროო ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს ამ სახლის ასაშენებლად დახარჯული სახსრების, თითოეული თეთრის გამჭვირვალობას თუ წარმომავლობას.
მეტიც, ეს სწორედ ჩემს ინტერესშია, გათვითცნობიერებული მაქვს რა საზოგადოების წინაშე ჩემი, როგორც საჯარო მოხელის ანგარიშვალდებულება“,- წერს სუჯაშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.