გიორგი გახარია - მე ჩემ მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, ვერავინ ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ 2012 წლის შემდეგ რაღაც შევიძინე ამ ქვეყანაში
გიორგი გახარია - მე ჩემ მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში, ვერავინ ვერც ერთ მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ 2012 წლის შემდეგ რაღაც შევიძინე ამ ქვეყანაში

ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მოსდევენ ყველაფერს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა მისი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან, შემძენთან და დეკლარაციასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას.

პრემიერის თქმით, მის დეკლარაციაში ყველაფერი დეტალურად არის ასახული.

„მოდით, ასე შევთანხმდეთ, ჩემს დეკლარაციაში ყველაფერი არის დეტალურად. თქვენ შეგიძლიათ, ბევრი სპეკულაცია მოიყვანოთ, მაგრამ ამის უკან არაფერი არ არის. ვინმეს რამე კონკრეტული ფაქტი თუ გაქვთ, მოიტანეთ. რეალურად, ეს ყველაფერი არის ჭორაობა, რასაც აკეთებთ. ოპოზიცია ახლა ბევრ რაღაცას ამბობს, რეალურად, სამწუხაროდ, შევედით საარჩევნო ციკლში და სხვა საერთოდ არაფერი შინაარსობრივი პოლიტიკური რომ არ არის, ახლა მოსდევენ ამას ყველაფერს“, – აცხადებს პრემიერი.

ამასთან, როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, 2012 წლის შემდეგ მას საქართველოში არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შეუძენია, იყიდა მხოლოდ ავტომობილი მეუღლისთვის.

„ერთ რამეზე შევთანხმდეთ – მე საქართველოში 2012 წლის შემდეგ არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება არ შემიძენია, ერთადერთი მანქანის გარდა, რომელიც შევუძინე ჩემს მეუღლეს. ახლა ერთი რამ მინდა, გითხრათ, მე ჩემ მეუღლესთან ერთად, საკმაო ფინანსური რესურსი მაქვს დაგროვილი და შექმნილი ჩემს წინა ცხოვრებაში. შესაბამისად, ვერავინ ვერასოდეს ვერც ერთი მაგალითს ვერ მოიყვანს, რომ მე რაღაც 2012 წლის შემდეგ ამ ქვეყანაში შევიძინე. ასევე, ჩემმა მშობლებმა მაგალითად გაასხვისეს რაღაც უძრავი ქონება კახეთში, იქ სხვა ადამიანი იყო შემძენი, აქ ეს ადამიანი იყო შემძენი. უბრალოდ უხერხულია. როცა იყიდი, მაშინ ეს არის პრობლემა, როცა გაყიდი, მერე ის ხდება პრობლემა, ცოტა დაფიქრდით. სადმე რამე კანონდარღვევა თუ არის, მოიტანეთ ფაქტები და დამთავრებულია“, – მიმართა პრემიერმა ჟურნალისტებს.