დავით ზილფიმიანი - ლექსო ლაშქარავას შემთხვევა პირდაპირი ინდიკატორია იმ ტრაგიკული სიტუაციისა, რაც ქვეყანაში სუფევს
„ევროპელი სოციალისტების“ წარმომადგენელი, დეპუტატი დავით ზილფიმიანი განცხადებას ავრცელებს.
„როგორც დიდი მედიაოჯახის ერთ-ერთმა მოკრძალებულმა წევრმა, მინდა, გამოვხატო ჩემი პოზიცია იმ შემაძრწუნებელ უბედურებასთან დაკავშირებით, რაც ჩვენ ირგვლივ, საზოგადოებაში სუფევს.
აქამდე, ფიზიკურად არ მომეცა ამის საშუალება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით: უკვე რამდენიმე კვირაა, ვიმყოფები კლინიკაში, სადაც უმძიმესი ოპერაცია ჩამიტარდა და ინტენსიურ მკურნალობას გავდივარ.
უბედურება, რომელიც მე ვახსენე, არ გულისხმობს მხოლოდ ლექსოს ტრაგედიას. უფრო მეტიც, ლექსოს შემთხვევა პირდაპირი ინდიკატორია იმ ტრაგიკული სიტუაციისა, რაც ქვეყანაში სუფევს.
დღეს, მოზღვავებული ინტელექტი აღარ სჭირდება იმის გაანალიზებას, რა დაგვემართა და რა მდგომარეობაშია საზოგადოება, რომელიც მთლიანად გაჟღენთილია აგრესიით, ძალადობის წყურვილით, ურთიერთზიზღითა და სიძულვილით. და, ეს ყველაფერი, აგერ უკვე რამდენი ხანია, მეთოდურად ინერგება ქვეყნის მტრებით კონტროლირებადი სხვადასხვა წყაროთი და მათ შორის, უწყვეტ ნაკადად გადმოედინება კარგად იდენტიფიცირებული მედიაარხებიდან.
ყველა ეს ჯგუფი, წყარო და ა.შ, ჯამში, ერთი ხის სხვადასხვა ტოტია. ჩვენ, ყველანი, სხვადასხვა დოზით ვართ დამნაშავენი ლექსოს სიკვდილში, რადგან წინ ვერ აღვუდექით საზოგადოების ამ დონემდე დაავადებას.
ჩვენი მედიის ოჯახის ზოგიერთმა წევრმა, ნებსით თუ უნებლიეთ, მის მიერ წარმოებული საზოგადოებრივი საწამლავით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ლექსოს მკვლელობაში. ამიტომ, ნუ ვიტყვით, რომ ჩვენ მხოლოდ ჭირისუფალნი ვართ. ჩვენ მკვლელებიც ვართ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა დოზითა და თანამონაწილეობით. სწორედ, ეს ტირაჟირებული სიძულვილია, რომელიც ასაზრდოებდა და ნოყიერად რწყავდა, ამისთვის მოწყვლად საზოგადოების ნაწილს.
რა შეიძლება, იყოს გამოსავალი, ამ, უკვე ფორმირებული ბოროტების დასამარცხებლად?! უპირველეს ყოვლისა:
1. არა პოლიტიკოსებს, რომლებიც საკუთარი მზაკვრული მიზნებისთვის ცდილობენ, გამოიყენონ აღნიშნული მდგომარეობა;
2. არა სიძულვილისა და აგრესიის შემდგომ ინექციას საზოგადოებაში;
3. უნდა დაისაჯოს დანაშაულის ყველა თანამონაწილე, რომელ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნოდეს ის;
4. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს იმ შემკვეთებისა და დამფინანსებლების იდენტიფიცირება, რომლებიც დღემდე წარმატებით ახერხებდნენ ქვეყანაში, სხვადასხვა მოსყიდული ჯგუფის, ან პიროვნების საშუალებით, აღნიშნული დაავადების გავრცელებას, მათი შემდგომ უვნებელსაყოფად.
საზოგადოების დღევანდელი მდგომარეობიდან გამოყვანა გარდა, ზემოთ აღნიშნულისა, პირადად, ჩვენზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე „გულის მოსაფხანად“, საზოგადოებაში განტევების ვაცის ძებნაზე, ანდა, ამა თუ იმ ხელმძღვანელი პირების პირად პასუხისმგებლობაზე, რადგან მთელი ეს ანტისახელმწიფოებრივი, ორგანიზებული კრიმინალი, სწორედ, სახელმწიფოს მორღვევაზე არ არის ორიენტირებული?
ვუსამძიმრებ ლექსოს დედას ერთადერთი ვაჟის გარდაცვალებას, ლექსოს მეგობრებს საუკეთესო მეგობრის და მედიის წარმომადგენლებს საუკეთესო კოლეგის დაკარგვას“, – ნათქვამია დავით ზილფიმიანის განცხადებაში.