დავით ზალკალიანის განცხადებით, პარტნიორები მხარს უჭერენ ყველა ქმედითი შესაძლებლობის გამოყენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
დავით ზალკალიანის განცხადებით, პარტნიორები მხარს უჭერენ ყველა ქმედითი შესაძლებლობის გამოყენებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ტრანსატლანტიკური ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სამუშაო შეხვედრაში, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოწვევით გაიმართა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრაზე კოლეგა მინისტრებთან კიდევ ერთხელ განიხილა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და მადლობა გადაუხადა მათ მხარდაჭერისა და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა უკანონო ქმედებებზე მყისიერი რეაგირებისთვის, ასევე საუბარი წარიმართა იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას პროცესების შესაჩერებლად და ვითარების შემდგომი დეესკალაციისთვის.

დავით ზალკალიანის განცხადებით, აღნიშნული საკითხი ასევე განხილული იქნა შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე, რა დროსაც შვეიცარიამ, როგორც რუსეთსა და საქართველოს შორის მოდერატორმა გამოთქვა ინიციატივა გაერო-ს გენერალური ასამბლეის პლატფორმის გამოყენებისა რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე პროცესებზე სამსჯელოდ.

„შვეიცარიის მხრიდან გაჟღერდა საინტერესო წინადადება, რომ უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ მცდელობები, კერძოდ მათი მხრიდან მოხდება კომუნიკაცია რუსეთის ფედერაციასთან იმისთვის, რომ გამოინახოს ამ საკითხზე მსჯელობის საშუალება, თუნდაც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფორმატის ფარგლებში. პარტნიორები ამ პოზიციას მხარს უჭერენ და მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დიალოგის გამოყენება და დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რომ იმ ძალასთან, რომელიც ახორციელებს კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე, მკაფიოდ იქნას დაფიქსირებული ამ პროცესის გაგრძელების მიუღებლობა. ბუნებრივია, საქართველო იმოქმედებს პარტნიორებთან ახლო კოორდინაციის რეჟიმში“-განაცხადა ზალკალიანმა.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.