დავით ზალკალიანი - სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა
დავით ზალკალიანი - სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძრის გამო მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.

„სამწუხაროა იმის ნახვა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თვალწარმტაცი, ცნობილი პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარი ცეცხლმა გაანადგურა. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი მომაჯადოებელი არქიტექტურა. მისი არქიტექტურის შესახებ წერისას ჰიუგომ თქვა – დიდი შენობები, დიდი მთების მსგავსად, საუკუნეების ნამუშევარია, ეს არის ქვაში დაწერილი ფიქრები“, – წერს დავით ზალკალიანი „ტვიტერში“.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც სახანძრო სამსახურში განაცხადეს, ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.