პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარი ამჟამად კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ ფრანგულ მედიას საფრანგეთის სახანძრო სამსახურის პრესსპიკერმა, გაბრიელ პლიუსმა განუცხადა. სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის კომენტარს ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ავრცელებს.

„ხანძარი ჩამქრალია. თვალს ვადევნებთ ცეცხლის კერების ნარჩენებს და ვაგრილებთ შენობის ცხელ ნაწილებს, მათ შორის კარკასს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ხანძარი არ განახლდება“, – განაცხადა გაბრიელ პლიუსმა.

მეხანძრეებს პარიზის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ცეცხლის ლოკალიზებისთვის დაახლოებით ცხრა საათი დასჭირდათ.

ამავე დროს, პარიზის მერი ანა იდალგო აცხადებს, რომ გადარჩა ტაძრის საკურთხეველი. მისი თქმით, ვითარება არც ისე ცუდადაა, როგორც მას წარმოედგინა.

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში ხანძარს რამდენიმე საათიის განმავლობაში დაახლოებით 400 მეხანძრე და სპეციალური ამწევი პლატფორმებით აღჭურვილი 15 სახანძრო მანქანა ებრძოდა.

ხანძრის შედეგად, ტაძრის ხის სახურავი მთლიანად დაიწვა, თუმცა მეხანძრეებმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სტრუქტურის სრული განადგურებისგან გადარჩენა შეძლეს. ამასთან, გადარჩენილია მთავარი რელიკვიები – მაცხოვრის ეკლის გვირგვინი და წმინდა ლუის ტუნიკა ხანძარს გადაურჩა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მოვლენების განვითარების ყველაზე ცუდი სცენარი თავიდან არის აცილებული და ტაძრის აღსადგენად საჭირო თანხის შესაგროვებლად საერთაშორისო კამპანიის დაწყება დააანონსა. პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენაში დახმარების მზადყოფნა გამოთქვა იუნესკო-მ.

პარიზის ღვითსმშობლის ტაძარი აშენებულია XII-XIV საუკუნეებში. გოთიკური საკათედრო ტაძარი საფრანგეთის მთავარი ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ის კუნძულ სიტეზე მდებარეობს, რომელსაც პარიზის ცენტრში მდინარე სენას ორი ტოტი ქმნის. ტაძარში ინახება ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი რელიკვია – ქრისტეს ეკლის გვირგვინი. ასევე, ტაძარში წარმოდგენილია მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ორღანი.