დავით უსუფაშვილი - ჩვენი გეგმა „ა“ არის მოსახლეობას შევთავაზოთ, პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას მხარი დაუჭირონ, გეგმა „ბ“-ეს კი ცხოვრება მოიტანს
დავით უსუფაშვილი - ჩვენი გეგმა „ა“ არის მოსახლეობას შევთავაზოთ, პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას მხარი დაუჭირონ, გეგმა „ბ“-ეს კი ცხოვრება მოიტანს

ჩვენი გეგმა „ა“ არის მოსახლეობისთვის შეთავაზება, რომ პროპორციულ სისტემაზე 2020 წლისთვის გადასვლას მხარი დაუჭირონ, გეგმა „ბ“-ეს კი ცხოვრება მოიტანს ხოლმე, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„ვისაც ამ საქმეში პოლიტიკური გამოცდილება, მეხსიერება და რაღაცები არ ჰყოფნის, მინდა შევახსენო, რომ 2003 წელს სწორედ შერეული სისტემის მეშვეობით, თუ დახმარებით განხორციელდა ვარდების რევოლუცია; 2012 წელს სწორედ ამ სისტემამ განაპირობა ის, რომ ოპოზიციას, რომელიც მორალურად გაკოტრებულ, ძალიან მძიმე დღეში მყოფ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეპაექრებოდა და ყველა ერთის წინააღმდეგ ვიყავით გაერთიანებული, მოგვეცა შესაძლებლობა, ამ სისტემის გამოყენებით 75 მანდატიდან უმრავლესობა მიგვეღო, ხოლო „ნაცმოძრაობის“ მიერ მაჟორიტარულ ოლქებში მოპოვებული 12, თუ 15 მანდატი ხონჩით მოგვართვეს მერე უმრავლესობას იმ ადამიანებმა, ვინც მაჟორიტარებად იყვნენ არჩეული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რას გულისხმობს გეგმა „ბ“-ე, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ თუ ხელისუფლება გაჯიუტდება და იტყვის, 47, თუ 37%-იანი მხარდაჭერით ისევ 73, ანუ მაჟორიტარული ოლქებიდან ისევ ყველა მანდატის წაღება მინდა და სისტემას ამიტომ არ ვცვლიო, ოპოზიციას ერთი გზა დარჩება, იმაზე შეთანხმება, რომ მანდატები შიდა პროპორციებით გაინაწილონ.

„მაგალითად, ერთ-ერთი ვერსია ესაა, რომ 73 ოლქში 73 ადგილზე ერთმანეთს კი არ ვეპაექროთ, არამედ მეორე ტური პირველივე ტურში ჩავატაროთ. ამ საერთო ოპოზიციურ შეთანხმებაში „შენებისმოძრაობას“ ექნება ვთქვათ, 12 ოლქში კანდიდატების დასახელების შესაძლებლობა, იმ 12 ოლქში ოპოზიციური კანდიდატები კი არ დასახელდებიან, ოპოზიციური ელექტორატი „შენების მოძრაობისგანაც“ დაუჭერს მხარს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, მას არ უნდა ასეთი გზით სიარული და უნდა, ხალხმა განსაზღვროს თითოეული პოლიტიკოსის, თუ პარტიის წონა, შემდეგ კი, პარლამენტში შედგეს შეთანხმებები პოლიტიკურ ძალებს შორის და არა ის, რომ კიდევ ერთხელ მივიღოთ მორიგი კონსტიტუციური უმრავლესობა.