დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, გავალებთ, ახლა კონსტიტუციით შემოიარეთ საქართველო, რათა ადამიანებში არ იყოს ნიჰილიზმი
დავით უსუფაშვილმა სალომე ზურაბიშვილს მიმართა - მახსოვს, წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, გავალებთ, ახლა კონსტიტუციით შემოიარეთ საქართველო, რათა ადამიანებში არ იყოს ნიჰილიზმი

მე მახსოვს, თქვენ წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელი და ქალაქი, რათა ადამიანებში არ იყოს ის ნიჰილიზმი, რასაც ხელისუფლება აღვივებს, – მიმართა  „ლელოს“ წევრმა, დავით უსუფაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ.

როგორც უსუფაშვილმა აღნიშნა, „ლელო“ იზიარებს პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელად. მისივე თქმით, პერსონალურად მან უნდა უზრუნველყოს საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

„„ლელოს“ შემუშავებული აქვს და საზოგადოებას უკვე გააცნო ცხრაპუნქტიანი გეგმა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის შემდგომ ეტაპზე გადასასვლელად. მზად ვართ, ამ პლატფორმის ფარგლებში ჩვენი გეგმაც წარვადგინოთ და სხვებისაც მოვისმინოთ. ეს არის აუცილებელი, რადგან ვიზიარებთ პრეზიდენტის მოსაზრებას, რომ მომავალი არჩევნები არ იქნება უბრალოდ ხელისუფლების შესაცვლელი არჩევნები. „ლელოს“ მომავალი არჩევნები წარმოუდგენია ფუნდამენტური ცვლილებების არჩევნებად. მე და „ლელო“ მოგმართავთ. პერსონალურად თქვენ უნდა უზრუნველყოთ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, სწორედ იმ ბერკეტებით, რაზეც თქვენ თავად საუბრობდით. სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარება, სადაც მოქალაქეებს ექნებათ ნება, რომ აიღონ ხელში ძალაუფლება, რწმენა იმისა, რომ მათი ხმა იქნება დაცული და შემგუებლობა იმისა, რომ სხვანაირი ხალხიც არსებობს ამ ქვეყანაში და მათი მოწინააღმდეგეც იქნება ამ პარლამენტში, რათა ეს ბრძოლა არ იყოს, ეს არ იყოს შერკინება გლადიატორებს შორის, ეს იყოს თავისუფლების ზეიმი. ამისი ბერკეტები გაქვთ, ამას სწორედ მორალური ლიდერობა სჭირდება. მე მახსოვს თქვენ წმინდა ნინოს გზა გამოიარეთ ჯვრით ხელში, მოგიწოდებთ, გავალებთ, როგორც ერთ-ერთი მოქალაქე, ახლა უკვე საქართველოს კონსტიტუციით შემოიარეთ, ილია მართლის გზაზე შემოიარეთ საქართველო, ყველა სოფელი და ქალაქი, რათა ადამიანებში არ იყოს ის ნიჰილიზმი, რასაც ხელისუფლება აღვივებს“, – განაცხადა უსუფაშვილმა.